“ნაცმოძრაობის” მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი “ნაცმოძრაობის” მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს -ირაკლი კობახიძე

ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ან უცხოურ აგენტს არ დაუგმია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 7-8 მარტს პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს და კონკრეტულად, ახლად არჩეული სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისამართით განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.

„2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი სახალხო დამცველზე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ან უცხოურ აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა – იქნება ეს ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში“, – განაცხადა კობახიძემ.