ლევან ბეჟაშვილის განცხადება ადეკვატურია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ შესაძლოა, პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას და სამუშაო პროცესს შეუერთდეს.
„თუ ისინი ამას შეასრულებენ, „ქართულ ოცნებას“ საფუძველი ეცლება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ა.შ. შეიძლება დარჩეს „ლელო“ და ვაშაძე, რომელიც დესტრუქციულია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. 12-პუნქტიან გეგმაზე პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა გააკეთოს. შესაბამისად, 12-პუნქტიან გეგმაზე ოპოზიციის მარტო მუშაობას, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია,“ – განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ ის ესწრება დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართავს და იქ სწორედ ამის სათქმელად მიდის.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.