“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის  განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის  მიხეილ სააკაშვილის საკითხია, რა რეჟიმით უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის.

„დღეს იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. განსახილველ საკითხებს შორის იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მისი თავისუფლებისთვის. ცხადია, გვექნება საუბარი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევასთან, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში და ფაქტობრივად, კრემლიდან მართულ ბიძინა ივანიშვილზე და შემდეგ უკვე ივანიშვილის მიერ მართულ რუსულ პარტიაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ცხადია, დღეს საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის საგარეო მიმართულებით როგორ უნდა იშრომოს, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ხალხმა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს და რუსულმა პარტიამ ვერ შეძლოს, წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის  პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით,   სხდომაზე იმსჯელებენ პარტიის განვითარებაზე და ასევე ქართული პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.

„მიხეილ სააკაშვილმა, ვის მამულებშიც დღეს ვიმყოფებით, შექმნა ქართული სახელმწიფო, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, არის მიშას მემკვიდრეობა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი და თავის სიტყვა აქვს სათქმელი საქართველოს მომავალსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.