„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა. კეზერაშვილთან გახშირებული ვიზიტებიც ამით არის გამოწვეული, რამენაირად მოახდინონ ამ სიტუაციის ან განმუხტვა, ან დაბალანსება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, კეზერაშვილის როლი არის გადამწყვეტი, რადგან მას აქვს ფული.
მისივე თქმით, ვიცით, რაც არის კეზერაშვილის ფულის წყარო, მაგრამ ამაზე ევროპა არ რეაგირებს, რადგან, ქადაგიშვილის შეფასებით, ტანდემშია მათი და კეზერაშვილის დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის მიზნებთან.
„ვიცით, რომ ამ ფულის წყარო არის საქართველოს ბიუჯეტის ნაძარცვი ფულიდან და ევროპული პენსიონერების ნაძარცვი ფული. რა თქმა უნდა, ამაზე ევროპა არ რეაგირებს, რადგან ტანდემშია მათი და კეზერაშვილის დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის მიზნებთან. გამომდინარე აქედან, ამ თოჯინებით მანიპულირებენ, ხან ერთს დანიშნავენ ერთ ადგილზე, ხან – მეორეს. ზოგადად, შიდა დიდი არეულობა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ და გაყოფილი ე.წ. ახლები, ერთსა და იმავე ელექტორატის გარშემო იბრძვიან, ამიტომ კეზერაშვილთან გახშირებული ვიზიტებიც ამით არის გამოწვეული, რამენაირად მოახდინონ ამ სიტუაციის ან განმუხტვა, ან დაბალანსება. ეს არის შინაარსი და დანარჩენს, პერსონალურად, ერთი სად იქნება და მეორე – სად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.