„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიაში ახალი წევრები წარადგინეს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ახალი წევრი, ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს, მამუკა ყურაშვილი კი თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში.
„ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში დაიკავებენ საკვანძო ადგილებს. გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზაზა გოგავა დაიკავებს ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი დაიკავებს მაღალ თანამდებობას თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრეს ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა.
„გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მინდა აღვნიშნო, რატომ დღეს, რატომ ახლა და რატომ აქ? 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო სამსახურებთან არანაირი კავშირი არ მქონია. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, სად იყო ეს 10 წელი? ამ ათი წლის განმავლობაში მე და ბატონი გენერალი[მამუკა ყურაშვილი], მრავალი სამხრეებიანი ადამიანი, სამოქალაქო პირი ვემსახურებოდით იმ მიზანს, რომელიც გასული წლის ბოლოს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დასკვნა. მანამდე კი, იყო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა. არ გვინდოდა რაიმე პოლიტიკური შემხებლობა გვქონოდა ამ ნაწილთან. ამის შემდეგ უკვე განვითარებული მოვლენების გამო, მოგეხსენებათ სტრასბურგის ბრწყინვალე გამარჯვება.
ამ გამარჯვების შემქმნელი და უმაღლესი მთავარსარდალი ციხეში იმყოფება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ დევნაშია, ათასობით სამხედრო ქვეყნიდან წასულია, ათასობით სამხედრო უკრაინაში იბრძვის იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი დაუძინებელი მტერი, რუსეთი ჰქვია და ბოლოს, გადამწყვეტი მომენტი იყო 7-9 მარტის მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ თაობას თავისუფლების გემოს უნდა ვაცნობდეთ, მათ გავაცანით მხუთავი აირი და წიწაკის სპრეის გემო. ეს არის ჩემი და ბატონი გენერლის გადაწყვეტილება. მინდა ვიმსახურო, როგორც ამ ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, როგორც აქამდე ვემსახურებოდი დიდი ვალდებულებით, ყველა იმ გარდაცვლილის წინაშე, ვინც ახლა ჩვენ ძმათა სასაფლაოებზე წევს“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
„ჩემთვის დიდი პატივია “ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლა. მადლობა ბატონ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ციკარიშვილს და პარტიის ყველა წევრს. ვფიქრობ, ბრძოლა გრძელდება. ვხედავთ, ოკუპანტი ისევ აქტიურია. ამ ყველაფრისთვის საჭირო იყო ზუსტად ეს მოთმენა და დიდი გამარჯვება, რაც ბატონმა გენერალმა აღნიშნა. აქამდე, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით, რადგან იქნებოდა პოლიტიზირებული. ჰააგის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს გამარჯვება უნდა დამდგარიყო. ამ გამარჯვების დადგომის შემდეგ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველ რიგში ჩვენი საზრუნავი არის უმაღლესი მთავარსარდლის დახსნა ტყვეობიდან, აზოველი გმირის, რომელიც როგორც ვიცით, კონცლაგერშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება იმისათვის, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ამ მიმართულებით. პარტიასთან ერთად მზად ვართ, ყოველთვის გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.