ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს და სწორედ ამისთვის სჭირდება მმართველ გუნდს მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. ამ კონტექსტში,ივანიშვილმა, აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე გააკეთა, რომლის შედეგად, საქართველომ დროებით დაკარგა ორი ისტორიული რეგიონი.
„არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს და აუცილებელია, ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს.
„დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია, გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.