თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიო უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთი: უკრაინა შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის მოლოდინში“ (ავტორი – დენიზ ბერქთაი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობამ საყოველთაო პროგნოზები ფაქტობრივად ჩაფუშა. ერთი მხრივ, რუსეთის არმიამ, კრემლის დიდი იმედებისა და სურვილების მიუხედავად, ვერ შეძლო კიევის მოკლე ხანში დაკავება, მაგრამ მეორე მხრივ, ვერც დასავლურმა სანქციებმა ვერ გაამართლეს – „რუსეთი მუხლებზე ვერ დააჩოქეს“.
ისიც სათქმელია, რომ ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს შეუერთდნენ, ისინი მსოფლიოს არცთუ დიდ ნაწილს წარმოადგენენ. რუსეთმა შეძლო თავის გატანა იმ არადასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებით, რომლებსაც ერთობლიობაში „გლობალურ სამხრეთს“ უწოდებენ.
შესაბამისად, უკრაინის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს არადასავლური ქვეყნებისაგან მხარდაჭერის მიღებას, რომ ისინი რუსეთს როგორმე „ჩამოაშოროს“.
რამდენიმე დღის შემდეგ, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში ჩატარდება სამიტი (კონფერენცია) სახელწოდებით „მშვიდობის ფორმულა უკრაინისათვის“. ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ამ სამიტზე უნდა განიხილონ უკრაინის მოთხოვნები რუსეთის მიმართ, მაგრამ თვითონ რუსეთი მიწვეული არ არის. ორგანიზატორებს გამიზნული აქვთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ, ანტირუსულ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ, რომლებსაც კრემლს წაუყენებენ და თუ ის წაყენებულ პირობებს დათანხმდება, მხოლოდ ამის შემდეგ მიიწვიონ მოლაპარაკების მაგიდასთან. სხვათა შორის, შესამჩნევია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: კიევმა სამიტზე ისრაელიც მიიწვია და პალესტინის ადმინისტრაციაც, რითაც აჩვენა, რომ უკრაინამ უარი თქვა თავდაპირველ პროისრაელურ პოლიტიკაზე ღაზას სექტორში ომის დაწყებისას (გავიხსენოთ, რომ გასულ შემოდგომაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ ისრაელის მხარდაჭერის მიზნით არადასავლურ მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და კიევი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა).
უკრაინის ადმინისტრაციის განცხადებით, სამიტში, სავარაუდოდ, მსოფლიოს 80-დან 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს (პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების, ელჩების დონეზე და ა.შ.), თუმცა, როგორც ჩანს, იმ დონით მონაწილეობის ალბათობა, როგორიც უკრაინას სურს, მცირდება – რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას დედამიწაზე, რომ რუსეთი უკრაინის ულტიმატუმს დათანხმდეს (ანუ წაყენებული პირობები მიიღოს).
როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის გამო (მას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩაანაცვლებს). თავის მხრივ, ჩინეთმა მიანიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ისეთ კონფერენციაში მონაწილეობა, რომელშიც რუსეთი მიწვეული არ არის. რასაკვირველია, უკრაინა ცდილობდა, რომ შვეიცარიის სამშვიდობო სამიტზე „ცისქვეშეთის“ ლიდერიც ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ამაოდ. ამას დაემატა ვოლოდიმირ ზელენსკის არადიპლომატიური განცხადებაც ჩინეთის მისამართით სინგაპურში ყოფნისას, რომ პეკინი თითქოსდა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდებს შვეიცარიის სამიტში მონაწილეობა არ მიიღონ.
სინამდვილეში კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ომში პრორუსული პოზიცია კი არ აქვს დაკავებული, არამედ ცდილობს დისტანცია დაიცვას. იმ დროიდან, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის 2014 წელს დე-ფაქტო დაიწყო კონფლიქტი, ჩინეთი ურთიერთობას ორივე მხარესთან გვიტარებდა და დღესაც კი ჩინეთი უკრაინისათვის უპირველეს პარტნიორად ითვლება საგარეო ვაჭრობაში, ანუ პეკინმა ის პოზიცია დაიკავა კიევთან ვაჭრობაში, რომელიც ოდესღაც მოსკოვს ჰქონდა დაკავებული.
ჩინეთს არ სურს, რომ ამ ომიდან დასავლეთი გამოვიდეს გამარჯვებული. პეკინი წინააღმდეგია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიმართაც. იმიტომ, რომ ჩინეთისათვის მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილება ცალმხრივი მოქმედებით და მცდელობებით – ისე როგორც ეს რუსეთმა გააკეთა. თუმცა არის ერთი ნიუანსი: ამ კონტექსტში ჩინეთი ანექსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ კი გამოდის, მაგრამ უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პეკინი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების მომხრეა.
ვნახოთ, როგორი წარმატებული იქნება სამიტი შვეიცარიაში, რომელიც რუსეთის იმიჯის წინააღმდეგ არის მიმართული და რომელშიც ჩინეთის, ბრაზილიის და სხვა დიდწონიანი ქვეყნების ლიდერები არ მონაწილეობენ.
წყარო