“მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია”-The Wall Street Journal

ამერიკული გავლენიანი გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია“ (ავტორები – იუჯინ რუმერი, რუსეთის სპეციალისტი, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ექს-თანამშრომელი და ენდრიუ ვაისი, ჯორჯ ბუშ-უფროსისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციების ყოფილი წევრი, რუსეთის მიმართულების ექს-კურატორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ახლოვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე ტოტალური თავდასხმის მეორე წლისთავი. რუსეთის ლიდერი მტკიცედ და დამაჯერებლად გამოიყურება. უკრაინის არმიის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ფაქტიურად ჩაიშალა: რუსული გამაგრებული ხაზის გარღვევა ვერ მოხერხდა, ანუ კიევმა ვერ მიიღო ის კოზირი, რომელიც მოლაპარაკებაში გამოადგებოდა.
საერთაშორისო მასმედიაში უკრაინის საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, გაზეთების მასალებში უპირატესობა უკვე ახლო აღმოსავლეთის კრიზისს აქვს მინიჭებული, პრესა აჭრელებულია ისრაელ-„ჰამასის“ ომის თემატიკით. აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მერყევი გახდა და სუსტდება, უფრო მეტიც – რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აშკარად პროპუტინურ ხედვებს ამჟღავნებს…

ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს იმის საფუძველი, რომ ჩათვალოს – დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. ფრონტის ხაზზე შექმნილი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ძალას კარგავს, იფიტება და უკრაინას ამტანობით ჩამოუვარდება. მართალია, რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციებით გარკვეულწილად დაზარალდა, მაგრამ არ დანგრეულა და ემბარგოს საკმაოდ წარმატებით უძლებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა, მოსახლეობისა და ელიტის მხარდაჭერაც კი ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმართ მაღალია.

დასავლელი ჩინოვნიკები იფიცებოდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების სამხედრო მრეწველობას განავითარებდნენ და უკრაინას ბევრ იარაღს მიაწვდიდნენ, მაგრამ მათი დაპირება ფუჭი გამოდგა, უამრავი ბიუროკრატიული პრობლემაა შექმნილი კიევის იარაღით მომარაგების ჯაჭვში. და ამ დროს რუსეთის სამხედრო ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ, ქვეყანა სამხედრო რელსებზეა გადასული. რუსებმა ძველი საბჭოთა ქარხნებიც კი აამუშავეს და საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ.
რუსეთის ეკონომიკის მმართველმა ტექნოკრატებმა დაამტკიცეს, რომ გამძლენი არიან, შეუძლიათ ადაპტირება და საზრიანობის გამოვლენა. ნავთობზე გაზრდილი ფასები (საუდის არაბეთთან თანამშრომლობით) ტრადიციულად ავსებს ფულით რუსეთის სახელმწიფო ხაზინას… უკრაინის ბიუჯეტი კი, რუსეთის საპირისპიროდ, ძლიერ არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ გადასხმებზე.
ვლადიმერ პუტინს ასევე შეუძლია კმაყოფილებით უყუროს და დატკბეს თავისი საგარეოპოლიტიკური მიღწევებით. მის ძალისხმევას პოზიტიური შედეგები მოაქვს: ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობ-გაზისა და სხვა ნედლეულის სულ უფრო მეტი რაოდენობით შესყიდვით კრემლს შემოსავლები გაუზარდეს. ვლადიმერ პუტინს დიდად არ უდარდია დასავლეთ ევროპის ბაზრის დაკარგვა. იგი მზად არის მოკლე ვადით ჩინეთის „უმცროსი პარტნიორის“ სტატუსზეც კი დათანხმდეს. ჩინური პროდუქცია რუსეთის იმპორტში უკვე 50%-ს აღწევს, ხოლო წამყვანი რუსული ენერგეტიკული კომპანიები „ჩინეთზე დამოკიდებულები“ გახდნენ. მეზობლებმაც კი, რომლებთაც აქვთ იმის საფუძველი, რომ პუტინის უკმაყოფილონი იყვნენ ან მისი აგრესიისა ეშინოდეთ – მაგალითად, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი – ანტირუსული სანქციებით უდიდესი მოგება ნახეს: ისინი სატრანზიტო ქვეყნებად იქცნენ რუსული იმპორტისათვის – ისეთი პროდუქციის რეექსპორტმა, რომელიც ადრე რუსეთში პირდაპირ შედიოდა, მათ დიდძალი ფული მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა („სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით“), რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში მაინც მხარს უჭერენ, განსაკუთრებით „გლობალურ სამხრეთში“. უკრაინის კონფლიქტი დიდ გავლენას ვერ ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკმაყოფილონი არიან აშშ-ისა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტებით, ან დასავლეთის უყურადღებობით მათ მიმართ („უკრაინას ფულს აყრიან ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტვისათვის, ჩვენს გაჭირვებას კი ყურადღებას არ აქცევენ“).
ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. გავიხსენოთ, რომ უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის მომზადება წარმოადგენდა დასავლეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისათვის. ახლა პრეზიდენტს შეუძლია რუს ხალხს უთხრას, რომ მისი სტრატეგიამ გაამართლა.
ვლადიმერ პუტინი არავითარ ზეწოლას არ გრძნობს საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. მან კარგად იცის, რომ ომის გაგრძელება გაურკვეველი ვადით შეუძლია. ზამთრის მოახლოების კვალობაზე რუსეთი ფრონტის ხაზზე ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებს და, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოობიექტებს რაკეტებით და დრონებით. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერა დასუსტდება, უკრაინელები დაიქანცებიან მუდმივი ნგრევა-სიკვდილით და კრემლს შესაძლებლობა მიეცემა კიევს ჯერ ომის შეწყვეტის პირობები უკარნახოს, შემდეგ კი გამარჯვება გამოაცხადოს. ასეთი სცენარის ხელშემწყობი იდეალური ადამიანიც არსებობს – დონალდ ტრამპი – იმ შემთხვევაში, თუ იგი 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება.
რუსეთის ლიდერი მზადაა უკრაინაზე გამარჯვების იარაღად გადააქციოს ყველაფერი, რაც კი მის განკარგულებაშია. ბირთვული შეიარაღების კონტროლი და ევროპის უსაფრთხოება ამიერიდან მოსკოვის მძევლები არიან.

კრემლი დაბეჯითებით ითხოვს, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. 2026 წლისათვის თითქმის მთლიანად გაქრება ბირთვული იარაღის კონტროლის ცივი ომის დროინდელი ჯერ კიდევ შემორჩენილი სისტემები, მატულობს სამმხრივი გამალებული შეიარაღების ტემპი ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. პუტინი არცერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებს უკრაინაზე (ჩათვალე: დასავლეთზე) გამარჯვების მისაღწევად – დაწყებული ღაზას კრიზისით და დამთავრებული სასურსათო უსაფრთხოებითა თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით. ეს ყველაფერი მისთვის წარმატების უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. ერთობლიობაში ასეთი სიტუაცია დასავლელი ლიდერებისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.

რისი გაკეთება შეძლეს და რა ვერ მოახერხეს ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა?

დიახ, მათ საოცარი ეფექტურობით გადაწყვიტეს უმწვავესი საკითხები: კიევი გადაარჩინეს და უზრუნველჰყვეს თანამედროვე იარაღით, სადაზვერვო მონაცემებით, დაამტკიცეს ანტირუსული სანქციები და მის რეალიზებას შეუდგნენ. ახლა დადგა მომენტი გრძელვადიანი სტრატეგიაზე გადასვლისა, რომელიც ზეწოლას გააძლიერებს დასავლეთისგან გარიყულ კრემლის რეჟიმზე.

წავიდა ილუზიებით კვების დრო, როცა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ლოკალური ღონისძიებებით პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებდნენ.
ის, რაც დასავლელმა ლიდერებმა აშკარად არ (ვერ) გააკეთეს, ის არის, რომ მათ საზოგადოებას ჯეროვნად ვერ აჩვენეს თავხედური და რევიზიონისტული რუსეთისაგან მომდინარე საფრთხე და მუქარები. ძალიან ხშირად ისინი სასურველს სინამდვილედ წარმოგვიდგენდნენ: ჯერ სანქციების იმედი ჰქონდათ – რუსეთი უკან დაიხევსო, შემდეგ კი უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს ელოდებოდნენ და სჯეროდათ, რომ რუსეთს მოლაპარეკების მაგიდასთან მიიყვანდნენ და კიევი მოსკოვს პირობებს უკარნახებდა… არაფერს ვამბობთ სასახლის გადატრიალების შედეგად პუტინის დამხობის ილუზიურ იმედებზე.

ცივი ომის დაწყებიდან ამერიკელი საგარეოპოლიტიკური ექსპერტები არასოდეს არ თვლიდნენ, რომ კრემლი მოულოდნელად თავის შეხედულებებს შეცვლიდა, ხოლო საბჭოთა სისტემა სწრაფად დაინგრეოდა. ამის ნაცვლად ისინი ფსონს დებდნენ გრძელვადიან წინააღმდეგობაზე, მეთოდურად და პერმანენტულად ზრუნავდნენ სამხედრო ალიანსების გაძლიერებაზე – ჯორჯ ქენანის კლასიკური დოქტრინის მიხედვით – „რუსული ექსპანსიის შეკავება ნელი და მომთმენი, მაგრამ იმავდროულად მტკიცე და ფხიზელი მოქმედებით“.

დღეს შეკავების პოლიტიკა ნიშნავს დასავლური ანტირუსული სანქციების გაგრძელებას, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას, კრემლის ჩარევის აღკვეთას ჩვენს საშინაო საქმეებში, ნატოს სამხედრო და შემკავებელი პოტენციალის გაძლიერებას – ამერიკულ-ევროპული ინვესტიციების გაფართოებით ჩვენს სამხედრო-სამრეწველო ბაზაში. ეს ასევე ნიშნავს პუტინის „სპეცოპერაციით“ გამოწვეული დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური ზიანის შერბილებას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ „ცივი ომი“ ისევ დავიწყოთ. კრემლთან გლობალური მეტოქეობა არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება არც აშშ-ის რესურსების ხარჯვისა და არც ამერიკის პრესტიჟის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო თამაში „თხუნელაზე დასარტყმელად“ – წერტილოვანი გადაწყვეტილებების უსასრული ძიება რუსეთის გავლენის ყოველი გამოვლენის წინააღმდეგ. დღევანდელ პუტინის რუსეთს უკვე აღარ აქვს ის გავლენა და მიმზიდველობა პლანეტის სხვადასხვა ქვეყნებისათვის, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

უფრო მეტიც – დღევანდელი გარემოებები ძალიან განსხვავდებიან საბჭოური საფრთხეებისაგან: ევროპა აღარ არის ისეთი გავერანებული უდაბნო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო. ნატო უწყვეტად ფართოვდება – ამას წინათ ალიანსმა ორი ახალი წევრი – შვედეთი და ფინეთი მიიღო, ვლადიმერ პუტინს კი მხოლოდ ფხენიანში, თეირანში და პეკინში თუ უმასპინძლებენ.

ძალთა თანაფარდობა რუსეთის წინააღმდეგ შეტრიალდა.
და ყველაზე მთავარი: ყველა პროგნოზის მიუხედავად, უკრაინამ რუსეთის თავდასხმას გაუძლო. ორ წელზე ნაკლებ დროში უკრაინის არმიამ კრემლს წყალში ჩაუყარა რუსული არმიის მოდერნიზების ათწლიანი პერიოდი. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უბრალო ქველმოქმედება კი არ არის, არამედ დასავლური სტრატეგიის ელემენტს წარმოადგენს – თანაც ეფექტურს.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას დავეხმაროთ ევროპაში თავისი ადგილის დაკავებაში. უკრაინის მსგავსი უბედურება არცერთ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას არ გადაუტანია [იუგოსლავიის გარდა]. ქვეყნის აღდგენა არამარტო უკრაინელთა მომავალი თაობების ამოცანა იქნება, არამედ უკრაინის მრავალრიცხოვანი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვისაც.

ატლანტიკის ორივე ნაპირების ლიდერებს მოუწევთ ერთმანეთის მიმართ მტკიცე სოლიდარობა გამოავლინონ. კრემლი ხშირად ოსტატურად ნერგავს განხეთქილებას ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური სცენიდან წასვლის იმედი ნაადრევია. ასევე პრობლემატურია მოსკოვისა და პეკინის დაშორება ერთმანეთისაგან.

თუმცა, ოდესმე თუ კრემლში ხელისუფლება შეიცვლება, ახალი ხელმძღვანელობისადმი „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ მიცემას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. პრეზიდენტ რონალდ რეიგანს დიდხანს არწმუნებდნენ იმაში, რომ მიხეილ გორბაჩოვი თავისი საბჭოთა წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა და საბოლოოდ დაიჯერა, მაგრამ ახლა ეს ამოცანა ბევრად რთულია – ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მემკვიდრეს ხომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა და კიევთან სერიოზული მოლაპარაკების დაწყება მოუწევს [დამარცხებულის სტატუსით].

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ ამ ღონისძიებათა გრძელვადიანი ხასიათი. თვით კონფლიქტის დასრულებაც კი, როცა ის მოხდება, რუსეთსა და ევროპას შორის კონფრონტაციის დამთავრებას არ ნიშნავს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ, უკრაინის მეგობრებს, გვსურს, რომ უკრაინელთა სამშობლო აყვავებული, ძლიერი და გაერთიანებული იყოს, რომ მათი ქვეყანა ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში მთლიანად, სრულყოფილად ჩაერთოს. მაგრამ რადგანაც პუტინი და მისი მემკვიდრეები. ამ ფაქტს რუსეთის საბოლოო დამარცხებად ჩათვლიან, ისინი ყველაფერს გააკეთებენ და არაფერს არ დაიშურებენ იმისათვის, რომ უკრაინის აღორძინება და ევროპაში ინტეგრირება არ მოხდეს.

წყარო: