ფლორიდის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება დახურა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
ფლორიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, აილინ ქენონიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალ ტრამპმა წარადგინა, განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.
ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმის მიხედვით, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც.
ამ ბრალდებებიდან ყველაზე მძიმე, რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტების დამალვასთან, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.