“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ის პარტიის განახლების და ცვლილებების მომხრეა.
„მივესალმები ჩემი კოლეგების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმ ინიციატივასაც, რომ პარტიის თავმჯდომარე თანახმაა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყოს. ახლა, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს სწრაფად. დასაკარგი დრო არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ქართველ ხალხს არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში.
ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ლეგიტიმაცია სჭირდება. მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს.
მინდა გავუსვა ხაზი კონკრეტულ განცხადებებს, არ შეიძლება „პარტიზანები“ ეძახო შენს თანამებრძოლებს. ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ.
ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, “როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები”.
ნიკა მელიას თქმით, მისი კოლეგების ბრიფინგზე “ახალი არაფერი თქმულა”. პარტიის თავმჯდომარემ თანაგუნდელების განცხადების ფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი”