საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სპიკერმა, “ჯორჯიან თაიმსისთვის” გამოგზავნილ წერილში მკაცრად დაგმო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შეუთანხმებელი ვიზიტი ჩინეთის ტაივანის რეგიონში.
როგორც წერილშია ნათქვამი, ნენსი პელოსის ვიზიტი, ჩინეთის ძლიერი ოპოზიციისა და სერიოზული წარდგენის უგულებელყოფით განხორციელდა.
“ეს წარმოადგენს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზულ დარღვევას. იგი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს და არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სერიოზულად ძირს უთხრის ტაივანის სრუტის გასწვრივ მშვიდობასა და სტაბილურობას და არასწორ სიგნალს უგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს ტაივანის საკითხში ჩარევა და ჩინეთის შიდა საქმეებში ინტერვენცია. მან უნდა შეწყვიტოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ტაივანის საკითხზე ერთის ლაპარაკი და საპირისპიროს კეთება, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დამახინჯება, გადასხვაფერება და არასწორად გადმოცემა. მან უნდა გაატაროს რეალური ქმედებები, რათა მკაცრად დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებები.
სპიკერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი კი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს 1971 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუცია. 1979 წელს „ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში“ შეერთებულმა შტატებმა მკაფიო ვალდებულება აიღო: „ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. ამ კონტექსტში, ამერიკელი ხალხი შეინარჩუნებს კულტურულ, სავაჭრო და სხვა არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანელ ხალხთან“. კონგრესი, როგორც აშშ-ის მთავრობის ნაწილი, ვალდებულია მკაცრად დაიცვას აშშ-ის მთავრობის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა და თავი შეიკავოს ჩინეთის ტაივანის რეგიონთან ოფიციალური კავშირებისგან. ვინაიდან სპიკერი პელოსი არის აშშ-ის კონგრესის მოქმედი ლიდერი, მისი ვიზიტი და საქმიანობა ტაივანში ნებისმიერი ფორმით და მიზეზით, არის სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია ტაივანთან აშშ-ის ოფიციალური ურთიერთობის გასაძლიერებლად, რასაც ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება.
სპიკერმა აღნიშნა, რომ ტაივანის სრუტე დაძაბულობისა და მძიმე გამოწვევების ახალი რაუნდის წინაშე დგას. ამის ფუნდამენტური მიზეზი ტაივანის ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების მიერ სტატუს კვოს შეცვლის მცდელობებია. ტაივანის ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას, უარს აცხადებს „1992 წლის კონსენსუსის“ აღიარებაზე და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს „დე-ჩინეთიზაციას“ და „ტაივანის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პროგრესს“. შეერთებული შტატები, თავის მხრივ, „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“. იგი მუდმივად ამახინჯებს, ასხვაფერებს და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, აძლიერებს ოფიციალურ კავშირებს ტაივანთან და აქეზებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ საქმიანობას. ეს ქმედებები ისევე საშიშია, როგორც ცეცხლთან თამაში, ცეცხლთან მოთამაშე კი – თვითონვე დაიწვება.
სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელი ქალ-ვაჟის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. ხალხის ნების უგულებელყოფა და დროის მსვლელობის შებრუნება შეუძლებელია. არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, ძლიერი ნება და დიდი შესაძლებლობები, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. აშშ-ის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ”, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს მიერ “ჯორჯიან თაიმსისთვის” გამოგზავნილ წერილში.