მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს, ოპოზიციისა და მოსახლეობისთვის ჩემი გზავნილია, თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა -რასა იუკნევიჩიენე 

მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, რადგან ეს კანონი არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან, ვიოლა ფონ კრამონთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ოპოზიციისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მისი გზავნილია, რომ გააერთიანონ ძალისხმევა.

„სამი გზავნილი მაქვს. პირველი – საქართველოსთვის და ქართველებისთვის: საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი, თუ საქართველოს უნდა, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ თავი დააღწიოს კრემლის აგენტებს და და არა სხვა, ყალბ აგენტებს. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ, რადგან ეს კანონი არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ.

მეორე გზავნილი მაქვს ოპოზიციის და საქართველოს მოსახლეობისთვის – თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა, არ მინდა, რამე გასწავლოთ, რაც თქვენც იცით, მაგრამ ნამდვილად ეგზისტენციალური დროა ახლა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. არავის არ უყვარს საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ქართველებს.

და მესამე, ზოგადი გზავნილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური ე.წ. საზღვართან ახლოს მყოფ ქვეყნებთან. მე არ მსიამოვნებს ამის გამოყენება, მაგრამ იქ, კრემლში ფიქრობენ ასე. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არა მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი ჩვენთვის, ვინც ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. თუმცა, ეს არის ახალი ღია გზავნილი საქართველოს მთავრობისგან და ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის ზუსტად  იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან, რომლებიც მოსკოვში იკრიბებიან და ეს მოხდა მაგალითად გასულ კვირას.

ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი მაგალითად, ყირგიზეთში. მათ სურთ მსგავსი კანონის დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი და არ მეშინია მსგავსი სიტყვების თქმა, რადგან დღეს არის დრო, რომ გამოვხატოთ საკუთარი თავი ძალიან მკაფიო და ღია გზით. ახლა არის ისტორიული დრო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აქ, ჩვენთვისაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევა კრემლი ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რას ნიშნავს პრორუსული მთავრობა, პრორუსული პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში, თვით საქართველოშიც. და ბოლოს ციტირებას მოვახდენ ცნობილი ამერიკული ანდაზის- „თუ ის იხვივით დადის, საუბრობს იხვივით, მაშინ, ის ალბათ იხვია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.