მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა – პრემიერი

მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს „მოთმინებისთვის“.

 

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან. გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის.

 

შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა არც ამ შემთხვევაში დაუგმია ევროკავშირს. ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან, 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო, დღეს კი ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმადაა გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია“, – განაცხადა პრემიერმა.