600 დღე სააკაშვილი ვითომ კვდებოდა, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, გუშინ რაც ნახა სასამართლო პროცესზე, „არის რეზექციის რეკლამა“.
„თქვენ გახსოვთ, სააკაშვილთან დაკავშირებით 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, ჩვენ კი მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო. 600 დღე სააკაშვილი ვითომ კვდებოდა და, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის; მეორე – ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა. ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი. შეგიძლია, ზუსტად იგივე მოცულობის საკვები შეიტანო მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყურადღება ევროპარლამენტარების შეფასებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე ეუბნება, რომ ევროპარლამენტარების მოსაზრებებს არ მოუსმინონ, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იღებენ.
„კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი, ამას გვეუბნებიან“, – განაცხადა კობახიძემ.