მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა – რას წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“

საქართველოს შესახებ წერს რუსული პრესაც: (Независимая газета) დღევანდელ, 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში თავისი დაბრუნება დააანონსა“ (ავტორი – იური როქსი). „პატიმარი მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მან ყველა ეროვნულ პროევროპულ და ანტირუსულ ძალას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, მათ შორის, განსაკუთრებით „ერთიან ეროვნულ მოძრაობას“. ექს-პრეზიდენტის მიზანია „ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმის განადგურება“. ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება, ძლიერდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

ავტორი მკითხველებს აცნობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არასერიოზულია და „ფეიკ-პიარს“ წარმოადგენს. „იგი პატიმარია, თანაც უკრაინის მოქალაქეა და საინტერესოა, როგორ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას “, – ციტირებულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის გამონათქვამი.

 

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მომხდარი ბოლო მოვლენები – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადება ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომში ლაჩრულად მოქმედებდა. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება. მას მოჰყვა „ნაციონალების“ ლიდერის ლევან ხაბეიშვილის კრიტიკული განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შემდეგ კი გიორგი ვოლსკის პასუხი… სტატიაში საუბარია აგრეთვე ოპოზიციონერებზე თავდასხმის შესახებაც, როცა პარტია „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში, ალბათ, შეუძლებელი იქნება ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებას ეხება“, – აღნიშნავს ავტორი.

 

წყარო