მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა სალომე ზურაბიშვილის ძმის განცხადებას, რომ ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა შეწყალების საკითხზე.

კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ყველა იმ უბედურების გამზირებელი იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთეს.

„სჯობს, თავად პრეზიდენტმა უპასუხოს, გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. არ გააკეთებს, რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ, რასაც ყოველთვის ამბობდა. თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურობების, რისი მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, რაც 9-წლიანი მმართველობის დროს ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრეს და აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს? თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იქნება გამზიარებელი ყველა იმ უბედურების და ამ ადამიანის კისერზეც იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.