ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს – ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს, თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? – ირაკლი ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ,- ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მათი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა არის „იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების“.
„ეს პროგრამა არის იზოლაციის, სიღარიბის, მათი გამდიდრების და ხალხის გაღარიბების. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში? მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გააქცია იმიტომ, რომ აქ შემოსავალი არ არის; 20 ათასით შემცირდა შობადობა; კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მეტი რუსეთი – ეს მოიტანა 12 წლის განმავლობაში. ამიტომ, მათი ტყუილები დამთავრებულია, ფარსი იყო თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ივანიშვილის არ მოსვლას, როგორც ჩანს ივანიშვილი უკვე ემიჯნება კობახიძეს, მათ გუნდში სერიოზული პრობლემა აქვთ. აღარაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის და კობახიძის ჩხუბზე. ეს არის, ფაქტობრივად, ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლა. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭიროს, ხალხო, უბრალოდ შეხედეთ, მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს. თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ? მართლა ვამბობ. ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, 80%-ით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს. არ ვიცი, 5 ნომერს შემოხაზავს თუ არა, მაგრამ თუ შემოხაზავს, მასაც ვეუბნებით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად წავა წინ. იმ სიღატაკეში აღარ იქნება, რომელიც მან მოიტანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, პარტიის ლიდერი გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელახალი იმპიჩმენტის დაწყების პროცესს და აღნიშნა, რომ მათ „კიდევ ერთი წაგებული პროცესი“ წამოიწყეს.
„ქართული იქნება“ მარცხდება. 20%-ზე მეტს ვერ აიღებს. ახლა კიდევ ერთი წაგებული პროცესი წამოიწყო. არ ვიცი, ამით რას ამტკიცებენ. ვფიქრობ, რომ ისეთი დაბნეულობაა მათ წრეებში, რომ ვეღარაფერს იგონებენ, გარდა ასეთი სისულელეებისა, თორემ აგერ, მთელი საქართველოს იურისტები აქ არიან, ჰკითხეთ, თუ სისულელე არაა მათი ინიციატივა. ნუ გეშინია ბიძინა! დამარცხდები, წახვალ სახლში, მეტი არაფერი. ან პარლამენტში დაჯდები იმუნიტეტისთვის, რომლისთვისაც სიაში ჩაეწერე. უკვე, საზოგადოება გადაწყვეტს თქვენი პოლიტიკური ძალის ბედს“, – განაცხადა ვაშაძემ.