დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ გააძლიერა ეჭვები უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჯეიმს დევიდ ვენსი კონგრესში უკრაინისათვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული ოპონენტი იყო.
ვენსი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში უაზროდ ძვირი ჯდება, ხოლო უკრაინის რუსეთის შეჭრამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას „ფანტასტიკური“ უწოდა.
ვენსი ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს შეტევითი მანევრები რუსეთთან ომში და დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რადგან დასავლეთი ვერასდროს შეძლებს იმდენი იარაღის წარმოებას, რომ უკრაინის გამარჯვება შესაძლებელი გახდეს.
2022 წლის ინტერვიუში მან სტივ ბენონს [ტრამპის მრჩეველი] განუცხადა „მე ნამდვილად არ მაინტერესებს რა ბედი ეწევა უკრაინას“.
მიმდინარე წლის 12 აპრილს ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა:
ყველაზე ფუნდამენტური კითხვა: რა სჭირდება უკრაინას და რამდენად შეგვიძლია რეალურად ამის მიწოდება? […] არსებითად, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სიმძლავრე იმ რაოდენობის იარაღის წარმოებისთვის, რაც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული მიზანი – რუსეთის მიერ 2014 წლიდან მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება – შეუძლებელია.
ვენსმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ნაცვლად აშშ-ის ძალისხმევა აზიაზე უნდა ფოკუსირდეს:
ბევრი ცუდი ბიჭია მსოფლიოს მასშტაბით. და ახლა ბევრად უფრო მაინტერესებს აღმოსავლეთ აზიაში არსებული ზოგიერთი პრობლემა, ვიდრე ევროპაში.