მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკო-ს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.

ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.