“ერთი წელი რჩება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, პოლიტიკური პროცესი თითქოს გაიყინა და სტაგნაციის ეტაპზეა. იმიჯ შერყეული ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით, სტაბილურად კარგავს მხარდამჭერებს და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია, რომლის მიმართ უნდობლობაც, ასევე ქვეყანაში ჩატარებული ყველა ბოლო გამოკითხვის მიხედვით, პიკს აღწევს. როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში პირველი ისევ ხელისუფლება იწყებს გამოფხიზლებას და გამოსავლის ძებნას”- წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებაში კარგად დაინახეს, რომ „ოღონდ ნაცი არ მობრუნდეს“ უკვე აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
„ქართული ოცნება“ ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მათ კარგად დაინახეს, რომ „ოღონდ ნაცი არ მობრუნდეს“ უკვე აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ, ახალ ტაქტიკას მიმართეს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნება“ იდეოლოგიურად აბსოლუტურად ეკლექტური ორგანიზაცია, განსხვავებული პლატფორმის მქონე პოლიტიკოსების გაერთიანება იყო. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პარტიას, რომელიც სოცინტერნის წევრი იყო, ანუ მემარცხენე ცენტრისტული მიმდინარეობის უნდა ყოფილიყო, პრემიერ მინისტრად ჰყავდა ჯერ კვირიკაშვილი, შემდეგ და გახარია, რომლებიც აშკარად პოზიციონირებდნენ როგორც ლიბერალური, მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევრები და ამაყობდნენ კიდევაც ამით.
„ქართული ოცნების“ ახალმა ლიდერშიფმა, ელექტორალური მიმზიდველობის გასაძლიერებლად ახალი კურსი გამოკვეთა, თავიანთი ახალი მესიჯები დააფუძნა ულტრა კონსერვატიულ პოპულიზმსა და რიგ საკითხებში საკმაოდ რადიკალურ, მემარცხენე, ასევ პოპულისტურ, ეკონომიკურ იდეოლოგიას. შესაბამისად ოცნების ლიდერები ცდილობენ საჯარო სივრცეში ოპონენტები დისკუსიაში ისეთ თემებში ჩაითრიონ , სადაც ოპოზიციას არ აქვს შემუშავებული მოსახლეობისათვის გასაგების და მისაღები მესიჯები, ხოლო ხელისუფლების გზავნილები და პოზიცია ყველა გამოკითხვით აპრიორი მისაღები ჩანს მოსახლეობის უმრავლესობისთვის.
– არა ლგბტ პროპაგანდას,
– ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დაცვა,
– ეკლესიის და პირადად პატრიარქის მხარდაჭერა,
– მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით თუ საბაბით სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე ფასების რეგულირების კუთხით, ბიზნესმენებზე დაწოლა საწვავზე, წამლებზე თუ ჯანდაცვის სერვისებზე ფასების დაწევის მიზნით.
– ანტილიბერალიზმი, დასავლური აღვირახსნილობის და ლიბერალური თავისუფლებების კრიტიკა
როგორც ჩანს, რეიტინგ შერყეული ხელისუფლება ეცდება მომავალ საარჩევნო კამპანიაში სწორედ ამ თემებში დისკუსიაში ჩაითრიოს ოპოზიცია, რასაც დაემატება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების დასაცავად რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების, ეკონომიკური კავშირების, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის შენარჩუნების აუცილებლობა, რუსეთთან კონფრონტაციის და ომის არდაშვების წარმატებული პოლიტიკა და შეიძლება ფრთხილად (რუსეთი რომ არ გავაღიზიანოთ და რაიმე საპირისპირო განცხადების გაკეთება რომ არ ვაიძულოთ) აქცენტი გაკეთდეს მოსახლეობაში რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის გაჩენაზეც.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ეცდება მომავალ არჩევნებში აქ გაავლოს მოსახლეობის თვალში წყალგამყოფი ხაზი პატრიოტ, ქართული იდენტობის დამცველ, მოსახლეობის ინტერესებზე მზრუნველ, მშვიდობის მომხრე ხელისუფლებასა და გარყვნილ, პატრიარქის თუ ეკლესიის მაგინებელ, ლგბტ მხარდამჭერ და ზოგადად დასავლეთის ულტრალიბერალური ძალების ინსტრუქციების ბრმად მიმდევარ ოპოზიციას შორის. მოკლედ, ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ტრენდულ მემარჯვენე, ანტილიბერალურ პიარ ტექნოლოგიას მიმართავენ.
შეიძლება მოგწონდეს, ან შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს ხელისუფლების ეს კურსი, მაგრამ თუკი გადავხედავთ ამ თემებს და ლოზუნგებს, გავაანალიზებთ მათ, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლების ეს ახალი, საკმაოდ პოპულისტური პიარ სტრატეგია ელექტორალურად მისთვის საკმაოდ მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ბევრი მომხრის მობილიზების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიცია ამომრჩეველს არაფერზე ელაპარაკება, მიშას ჯანმრთელობის, ყოფილი პრეზიდენტის თუ გვარამიას ციხიდან გამოშვების, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის აუცილებლობის გარდა.
არც ერთი ეს საკითხი, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ამომრჩეველს ოპო- ტელეარხების ეთერებიდან განუწყვეტლივ ესაუბრება ოპოზიცია , მოსახლეობის თვალში ახლოსაც კი არაა უბრალო მოქალაქეების წინაშე მდგარი რომელიმე პრობლემის გადაჭრასთან, რუსეთის დასანქცირების მოთხოვნა კი მოსახლეობაში პირდაპირ იწვევს შიშს, რომ მათი უმრავლესობის ისედაც მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდება.
პარტიები თუკი ვერ მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ამ იდეოლოგიას, მესიჯებს, პოლიტიკას არა ხელისუფლების წარმომადგენლების რუსეთი აგენტებად და მოღალატეებად მონათვლა, არამედ ალტერნატიული, რეალისტური ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხედვების შემუშავება, მათი კარგად შეფუთვა, მოსახლეობისთვის მიწოდება, გააზრებული კონტრპროპაგანდა, პიარულად და პოლიტიკურად სწორად გათვლილი ნაბიჯები, მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივები ჭირდება, მაშინ მომდევნო არჩევნებში ოპოზიცია მძიმე მარცხისთვის არის განწირული,”- წერს ირაკლი მელაშვილი
https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/6585926451492915?ref=embed_post