ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მათ ცხოვრება მიუძღვნეს ხალხისადმი სამსახურს და მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე“.
პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მდინარე არასზე კაშხლის გახსნის ოფიციალური ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. მათ ცხოვრება მიუძღვნეს ხალხისადმი სამსახურს და მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
ამ სამწუხარო ინციდენტის დროს ასევე მოწამეობრივად დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.
ირანის საელჩო ამ მწუხარების დროს, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ირანელ ხალხს. ჩვენ, როგორც მგლოვიარე ერი ერთად ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა მემკვიდრეობას, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინსვლასა და კეთილდღეობას.
ამ მწუხარების დროს, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთიანობა და მონდომება გარდაცვლილი ლიდერების გზის გასაგრძელებლად, ირანისა და ამ ქვეყნის ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის.
დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი მათმა სულებმა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავსირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოჰბერი იქნება. პრეზიდენტის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 50 დღისა ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.