“მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა” – ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. 

“მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, – ამის შესახებ ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის  მონახულების შემდეგ განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი და მისი სხეული ,,უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში”.

„დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს რომ არც უნდა ჩამოსულიყო ”, – განაცხადა  ედუარდ სააკაშვილმა.