ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მარკ რიუ ტე ნატოს გადარჩენას ვერ შეძლებს!?“ (ავტორი – ელიოტ უილსონი, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი მდივანი, თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი), რომელშიც განხილულია თუ რა პრობლემების წინაშე დადგება ნატოს ახალი გენერალური მდივანი და შეძლებს თუ არა იგი მათ გადაჭრას.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მართალია, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა თავისი კანდიდატურა მარტის თვეში ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად წარადგინა, მაგრამ არავინ არ ფიქრობდა მის დანიშვნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლეს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. პრეზიდენტი ამას მალე თვითონაც მიხვდა და შესაბამისად, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ კლაუს იოჰანისის კანდიდატურა უკან გაიწვია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს სასარგებლოდ.
ნატოს ახალი გენმდივანი თავისი მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება, როცა იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება შეუწყდება. იგი ალიანსის ადმინისტრაციას ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თავის მხრივ, მარკ რიუტე მეოთხე ჰოლანდიელი იქნება, რომლებიც ნატოს ოდესღაც ხელმძღვანელობდნენ. იგი ნიდერლანდების პრემიერის თანამდებობიდან 2023 წლის ივლისში წავიდა, მაგრამ დროებით ისევ ასრულებს მთავრობის მეთაურის მოვალეობას. როგორც ამბობენ, იგი საიმედო პოლიტიკოსია, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მარკ რიუტე საუკეთესოა უარესებს შორის.
იენს სტოლტენბერგისათვის ძნელი იყო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტის დატოვება, რომელიც მან 2014 წელს დაიკავა. ოთხი წლის შემდეგ იგი მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი მანდატი ჯერ 2023 წლამდე გააგრძელეს, შემდეგ კი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. გენმდივნობის ვადების გაგრძელებამ ხანგრძლივი კონფიდენციალური ბრძოლა გამოიწვია ნატოს უმაღლესი პოსტის დასაუფლებლად: ყველაზე პირველი კანდიდატი იყო ქრისტია ფრიდლანდი, კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შემდეგ – მარიო დრაგი, იტალიის ექს-პრემიერ-მინისტრი… 2023 წლის შუახანებიდან ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტად ითვლებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით თქვა, რომ მართლაც სურდა ამ თანამდებობის დაკავება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელს უმწიკვლო ბიოგრაფია ჰქონდა, ვაშინგტონმა რატომღაც მხარი არ დაუჭირა მის კანდიდატურას. განაწყენებული ბენ უოლესი მინისტრობიდან გადადგა და საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯო ბაიდენს ნატოს გენმდივნად სურდა, რომ ან დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსონი ან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოფილიყო, მაგრამ ბენ უოლესის განაწყენების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის პროტეჟეებზე უარი თქვა. შემდეგ ჰორიზონტზე გამოჩნდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელსაც სიტყვამრავალი ქალბატონისა და რუსეთის მწვავე კრიტიკოსის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ხმები გავრცელდა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ვლადიმერ პუტინის ზედმეტად გაღიზიანება და პროვოცირება არ უნდოდათ და კაია კალასზე უარი თქვეს.
ამბობენ, რომ მარკ რიუტეს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა ნატოს გენმდივნობის სურვილი, მანამდე კი იგი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. მან ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში განაცხადა, რომ „ნიდერლანდების ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ პოლიტიკიდან წავალო“. მაგრამ ვინ გაუძლებს ისეთ მაცდურ წინადადებას, როგორიც ნატოს გენმდივნობის შეთავაზებაა? საბოლოო ჯამში იგი ისეთ კანდიდატად გადაიქცა, რომლის მიმართ არავის ნეგატიური აზრი არ ჰქონდა.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ახალი გენმდივნის წინაშე დგას, ეს არის სამხედრო ხარჯების პრობლემა. 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ყოველწლიურად თავდაცვაზე უნდა დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2%. გადაწყვეტილება დადასტურდა 2014 წელსაც, მაგრამ ძალიან დაყოვნებულად სრულდება: იმავე 2014 წლისათვის ამ მოთხოვნას მხოლოდ ალიანსის წევრი სამი ქვეყანა იცავდა, 2022 წელს კი – მხოლოდ შვიდი. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს 23 წევრი სახელმწიფო, ბოლოსდაბოლოს, შეასრულებს თავის ვალდებულებას და დარჩება მხოლოდ 9 წევრი ქვეყანა, რომლებიც ამის გაკეთებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. თვითონ ნიდერლანდები, პირველად 1990-იანი წლების შემდეგ, თავდაცვისათვის მშპ-ის 2%-ზე მეტს დახარჯავს – იმიტომ, რომ მარკ რიუტემ თავისი ქვეყნის სახით მაგალითი უნდა მისცეს „კოლეგა-დამრღვევებს“ ნაკისრი ვალდებულების ზედმიწევნით ზუსტად (და გადაჭარბებითაც) შესრულებისათვის.
მარკ რიუტე მეგობრული ადამიანია, იმავდროულად იგი მანიაკალურადაა შეყვარებული რუტინულ სამუშაოზე, შეუძლია სხვების მოსმენა და მოქნილობის გამოჩენა, თუმცა მას უძნელდება საერთო სტრატეგიის განხორციელება ამა თუ იმ საკითხში. თავის პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მარკ რიუტე კონცერნ Univeler-ის პერსონალის მენეჯერად მუშაობდა და 30 წლის ასაკში დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. მარკ რიუტე ნამდვილი ტექნოკრატია.
როცა ნატოს წინაშე ამდენი პრობლემის წინაშე დგას, ჩვენ უფლება გვაქვს ვიკითხოთ: სულ ეს არის მარკ რიუტეს პოზიტივი? საკმარისია მისი უნარი პრობლემების მოსაგვარებელად? გენერალური მდივნის პოსტზე მას მოუწევს ყურადღება მიაქციოს იმას, რომ სამხედრო ხარჯების მატება პერმანენტულად გაგრძელდეს, მხარი დაუჭიროს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევას, მართოს უკრაინის სავარაუდო გაწევრიანების პროცესი და გააკონტროლოს სათანადო რეფორმების განხორციელება, დაამშვიდოს აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ რუსეთისაგან და მარგინალიზებულები არიან, მოაგვაროს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივ ლტოლვასთან ნატოში გაწევრიანებისაკენ და, სავარაუდოდ, შეიძლება დავა მოუწიოს ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილ დონალდ ტრამპთან, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ.
ნატოს გენერალური მდივნის როლი ძალიან რთული და მრავალწახნაგოვანია. ზოგჯერ ამ პოსტისათვის რბილი ადამიანია საჭირო, რომელსაც დარწმუნების უნარი აქვს და შეუძლია კომპრომისებზეც წავიდეს. მაგრამ ახლა, როცა ალიანსი ტავის 75 წლისთავს ზეიმობ, ეს არასაკმარისია. ნატოს ჭირდება მჭევრმეტყველი, დინამიური ლიდერი, რომელსაც მკაფიო ხედვა ექნება უახლოეს 5-10 წლის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრავს მიზანს და მისკენ მიმავალ საიმედო მარშრუტს. ტრაგედია იმაშია, რომ მარკ რიუტეს გვერდით სხვა უფრო კარგი კანდიდატები იყვნენ – ფედერიკო მოგერინი იტალიიდან, ბენ უოლესი და კაია კალასი, ანუ იყო პროგრესული ლიდერის შერჩევის შანსი. შეძლებს თუ არა მარკ რიუტე წინ ნაბიჯის გადადგმას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.