მალე დასრულდება კონსულტაციები, მათ შორის გადაჯგუფებაზე, საუბარი არ არის არც ოპოზიციის ერთიან სიაზე და არც რაღაც ტექნიკურ შერწყმაზე, მთავარია, გვქონდეს ერთიანი გზავნილი-ხატია დეკანოიძე

საუბარი არ არის არც ერთიან სიაზე და არც რაღაც ტექნიკურ შერწყმაზე, მთავარია, ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გზავნილი, რომელიც მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მალე დასრულდება კონსულტაციები, მათ შორის გადაჯგუფებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, პირველ რიგში, იმას, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება კონსულტაციები, მათ შორის გადაჯგუფებაზე. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, დაჯგუფება კონკრეტული იდეოლოგიის და გაერთიანების მიხედვით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა გაიფანტოს ხმა, რომელიც, წესით, ოპოზიციის ყულაბაში უნდა წავიდეს.

„ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შანსი არ აქვს. ვაპირებთ, რომ ერთიანი სტრატეგიული გზავნილი იყოს, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო გზავნილი და ორიენტირებული საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე. კონსულტაციები ძალიან მალე დასრულდება. არ მგონია, რომ ეს იყოს ერთიანი ტექნიკური სია. ალბათ უნდა იყოს დაჯგუფება და გაერთიანება, გამსხვილება. მე ვარ გამსხვილების მომხრე. გამსხვილების შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ მთავარია, ჩვენ ვიყოთ ძალიან ეფექტურები, სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით, მათ შორის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.