ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს მოლდოვაში კვირას, 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს და კომენტარებს, სათაურით „მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს“ (ავტორი – ილია ბალაბანოვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება: ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 38,2%-ს აგროვებს, ხოლო მისი მთავარი ალექსანდრე სტოიანოღლო – 28,6%-ს. ორივე ერთმანეთს საარჩევნო ბრძოლის პოლიტიკურ ველზე ისევ შეხვდებიან ორი კვირის შემდეგ, სამ ნოემბერს.
რაც შეეხება რეფერენდუმს – ჩაიწეროს თუ არა მოლდოვას კონსტიტუციაში ქვეყნის კურსი ევროკავშირში ინტეგრირების თაობაზე – უშუალოდ მოლდოვაში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა (შუაღამის მონაცემებით, მოწინააღმდეგე – 54%, მომხრე – 45,3%), თუმცა ჯერ კიდევ არაა მთლიანად ცნობილი საზღვარგარეთ მყოფი მოლდოველთა პოზიცია. ყველა შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოწონებას არ დაიმსახურებს, ეს სიურპრიზი სერიოზული დარტყმა იქნება მაია სანდუსა და მისი მხარდამჭერებისათვის.
ალექსანდრე სტოიანოღლოს კოზირი ისაა, რომ იგი პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ ახალბადაა (მას „აპოლიტიკურ კანდიდატსაც“ უწოდებენ) და მოუსყიდაბი და პატიოსანი კაცის სახელით სარგებლობს: ყოფილი გენერალური პროკურორი დამანაშვეების მიმართ შეურიგებლად იბრძოდა, მაგრამ როგორც კი მაია სანდუს პარტიამ 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იგი გენპროკურორის პოსტიდან გაათავისუფლეს და ბრალი დასდეს კორუფციაში. მართალია, მოგვიანებითევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრე სტოიანოღლო გაამართლა, მაგრამ მაია სანდუმ უარი თქვა თანამდებობაზე აღედგინა. ყოფილი გენპროკურორ გამოდის ლოზუნგით „სამართლიანობა ყველასათვის“ და აცხადებს, რომ გააგრძელებს ევროპულ გზას, თუმცა არა ისე, როგორც ამას მაია სანდუ აკეთებს. საინტერესოა, რომ ყოფილი გენპროკუროროი საპრეზიდენტო კანდიდატად სოციალისტებმა წამოაყენეს, ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პარტიამ. თავის მხრივ, იგორ დოდონს ახლო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან.
როგორც ჩანს, მაია სანდუს პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად მძაფრი ბრძოლა მოუწევს. არ არის გამორიცხული, რომ ყველა დანარჩენმა კანდიდატმა – რენატო უსატიმ (მიიღო ხმების 14%), ვიქტორია ფურტუნემ (5,89%) და ირინა ვლახმა (5,86%) თავიანთ ამომრჩევლებს მოუწოდონ, რომ მხარი ალექსანდრე სტოიანოღლოს დაუჭირონ.
უცხოეთის ქვეყნებში მყოფი მოლდაველების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო – საელჩოებში ხმის მისაცემად რიგები შეიმჩნეოდა. შესაბამისად, ვადა გაგრძელდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება დიასპორამ გადაწყვიტოს, ამჟამად მაია სანდუს გუნდს ერთი იმედიღა რჩება – რამდენ ხმებს მოუტანს მათ მიგრანტები.
წინასაარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა, მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა განცხადებები არჩევნების პროცესში რუსეთის სპეციალური სამსახურების ჩარევის თაობაზე. რასაკვირველია, კრემლი თავის მცდელობებს უარყოფდა.
მრავალი წლის განმავლობაში მოლდოვა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის არის „ჩაჭედილი“, საკმაოდ ყოყმანობდა თავის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. მოსახლეობის შესამჩნევი რაოდენობა კვლავ ინარჩუნებს სიმპათიებს რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით ეს ითქმის მოლდოვას სამხრეთ ნაწილში არსებულ გაგაუზების ავტონომიისა და სეპარატისტული დნესტრიპირეთის მოსახლეობაზე (დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რჩება რუსეთის არმიის კონტინგენტი).
რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო რუსული არმიის შეჭრა და იყიყმანოდ, ერთნიშვნელოვნად დადგა კიევის მხარეზე. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ომმა უკრაინის მეზობელ მოლდოვას დიდი პრობლემები შეუქმნა: ათი ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რუსულ ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია.
2023 წელს მოლდოვამ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მაგრამ რადგანაც მოლაპარაკება წევრობაზე დროთი შეზღუდული არ არის, ბევრი დამკვირვებლის აზრით, ევროკავშირში მიღების პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.