კრემლი გერმანიის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობაზე შეზღუდვებს უწესებს

რუსეთში მცხოვრებ ასობით გერმანელ სახელმწიფო მოხელესა და გერმანული ინსტიტუტების თანამშრომელს, კრემლის გადაწყვეტილებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის ან სამსახურის დატოვება მოუწევთ. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან ქვეყანა უფრო მკაცრ ლიმიტებს დააწესებს გერმანიიდან რუსეთში გაგზავნილი თანამშრომლების რაოდენობაზე. შეზღდუვა შეეხება როგორც კერძო, კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე საელჩოსაც.

ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულმა მედიამ Süddeutsche Zeitung შაბათს გაავრცელა და კრემლის გადაწყვეტილება „მოსკოვის მიერ დიპლომატიური ომის გამოცხადებად“ შეაფასა.

შეზღუდვა შეეხებათ როგორც გერმანელებს, რომლებსაც 1-ელ ივნისამდე ქვეყნის დატოვება მოუწევთ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც, მართალია, ქვეყანაში დარჩებიან, თუმცა გერმანულ დაწესებულებებში სამსახურს დაკარგავენ. გერმანიის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ ასახელებს რუსეთიდან განდევნილი მოქალაქეების რაოდენობას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული სანქცია გაუგონარ, გაუმართლებელ გადაწყვეტილებად შეაფასა.

სანქცია მოსკოვსა და ბერლინს შორის ორმხრივად დაძაბულ ურთიერთობას მოჰყვა. როგორც ამას გერმანიის ხელისუფლება ხსნის, ქვეყანაში რუსული საიდუმლო სამსახურების შემცირების შემდეგ, ლავროვმა რუსეთში ავტორიზებული გერმანული დიპლომატიური პერსონალისა და საჯარო ორგანიზაციების რაოდენობა განსაზღვრა.

გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოშვების საპასუხოდ, მოსკოვმა რუსეთიდან 20-მდე დიპლომატი ჯერ კიდევ აპრილში გამოაძევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული კვირების მანძილზე გერმანული მხარე ცდილობდა, რუსული მხარე გადაწყვეტილების შეცვლაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მოსკოვი გერმანიისთვის ბუნებრივი აირისა და საწვავის მთავარი მიმწოდებელი იყო. ენერგეტიკულმა სანქციებმა გერმანიაში, კოვიდპანდემიის შემდეგ, პირველად გამოიწვია ეკონომიკური რეცესია.