კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.
„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3 500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი, არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ – მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს. ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.
„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი, ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია ოთხ პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა ხუთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია სამი პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და დაახლოებით 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9 160 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.