კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თავიანთ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ და ახლა ათასი ტყუილის მოფიქრება უწევთ -არჩილ გორდულაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარლამენტის წევრობის არცერთ კანდიდატს ან პარტიას, რომელმაც არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვა, არ აქვს უფლება, პარლამენტის პირველ სხდომამდე ჩახსნას სიები ან უარი განაცხადოს პარლამენტში შესვლაზე.

გორდულაძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თავიანთ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ.

„არც იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ სიაში შემდგომი ადამიანების უფლებამოსილებები არ იყოს ცნობილი. ის პროცესები, რაც 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ არაერთმა ოპოზიციონერმა გააკეთა, როდესაც სიები ჩახსნეს და მათ წევრებს არ მისცეს შესაძლებლობა, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენ, ახლა სამართლებრივად შეუძლებელია. სულ ორი ვარიანტია – „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან წერა-კითხვა არ იციან და სამართლის ნორმების გაგება არ შეუძლიათ, ან ჩვეულებრივი მატყუარები, მავნებლები არიან და კიდევ ერთხელ ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ ცრუ ნარატივი. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, უკვე კინოც კი აღარ არის, სერიალში აქვთ გადაზრდილი.

2020 წელს ზუსტად იგივეს ამბობდნენ. კარგად გვახსოვს, გვარამია როგორ აწერინებდა, მაგალითად ე.წ. დაფაზე ხელმოწერებს აფიქსირებინებდა, რომ პარლამენტში აღარ შევიდოდნენ. ნიკა მელია ამბობდა, ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნებაო და შემდეგ უკვე პუფებად წარმოგვიდგნენ პარლამენტში, როდესაც ისინი პარლამენტში შემოსვლას ჩვენ გვასწრებდნენ. მაშინ საინტერესო შემთხვევაც გვქონდა, რომ ეს ადამიანები განაცდურ ხელფასსაც ითხოვდნენ. იმ ხელფასს, რომელიც არ უნდა მიეღოთ, მაგრამ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ხელფასის მიღებას ითხოვდნენ, რაც საბოლოო ჯამში შესრულდა კიდეც და ხელფასიც მშვენივრად აიღეს. დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებენ.

ანა დოლიძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების გაბრაზებას. არ გამოსდით თავიანთი ამომრჩევლის გაბრაზებაც კი. ძალიან კარგად ვხედავთ, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა რამდენია. სულ უფრო და უფრო იკლებს. თავიანთ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების და ახლა ათასი ტყუილის მოფიქრება უწევთ, მათ შორის ისეთი ტყუილის, თითქოს მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ სიები ჩახსნან და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვან.

პარლამენტის პირველი სხდომა როცა იქნება, შეიკრიბებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, 89 დეპუტატი, რაც სავსებით საკმარისია, რომ სხდომა გაიხსნას, უფლებამოსილი იყოს პარლამენტი, რომ დაიწყოს და შეუდგეს საქმიანობას. 89 დეპუტატი ცნობს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილებას. ზუსტად ისევე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. საუბრობდნენ არაერთ მოგონილ ფაქტთან დაკავშირებით, თითქოს არჩევნები არ ჩატარდა კანონის შესაბამისად და ახლა გადავიდნენ ისეთ ტყუილებზე, როგორიცაა სიების ჩახსნა. ეს ადამიანები მერამდენედ უნდა ვამხილოთ ტყუილში. მათ ტყუილებს წუთების სიცოცხლეც კი აღარ აქვთ და არ შეუძლიათ, რომ საზოგადოება მოატყუონ. სხვათა შორის, მათ ამ ტყუილში თავისივე კლასტერში შემავალი პარტიები ამხელენ. გვახსოვს გუშინდელი განცხადებები, რასაც მაგალითად, გახარიას გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, თითქოს საზოგადოებაში ამ ორ ძალას შორის რაიმე დაპირისპირება წარმოაჩინონ, რათა გახარია გადარჩეს, თითქოს ის „ნაცი“ არ არის. გახარია ისეთივე „ნაცი“ და ისეთივე აგენტურის წარმომადგენელია, როგორც მაგალითად, ბოკუჩავა, გვარამია, მიხელ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.