რუსეთ -უკრაინის ომის 461-ე დღე
რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.
„მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა – წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, – განაცხადა იგნატმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების შედეგად ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რაკეტების 6 ნამსხვრევი ჩამოვარდა.
უკრაინის რამდენიმე ოლქში, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქებში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. გოლოშეევსკის რაიონში, სადაც მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შენობიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე მასიური თავდასხმა განხორციელდა. საჰაერო შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
რუსულმა ძალებმა კიევს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 29 გაანადგურეს.
შეგახსენებთ, 30 მაისის ღამეს უკრაინის ზოგიერთ ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების პირველი ხმები დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით ღამის 3:00 საათზე გაისმა. თავდასხმის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.