“კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა-პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „კომენტარი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა:
პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა“ (ავტორი – დენიელ ჰანანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ უკრაინაზე მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა მიპყრობილი, შავი მიწით მდიდარ ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკური ბიძგები არყევს. უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ ვოლოდიმირ ზელენსკის ენით – „სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია“.

იმის გამო, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლებით დაქანცულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების მიერ გამაგრებული ზღუდეები და დანაღმული ველები ვერ გადალახეს, ინიციატივა ხელში რუსმა დამპყრობლებმა ჩაიგდეს. რუსები იკავებენ ქალაქ მარინკას, მართალია, მთლიანად დანგრეულს, მაგრამ მას მაინც აქვს სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. რუსული რაკეტების კიევს ისევ ურტყამენ. უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია „ბი-ბი-სი“-ს სთხოვს, რომ ყველა გააფრთხილოს – „უკრაინას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება“.

ახლა უკრაინელების ჯერია, რომ სანგრები გათხარონ და რუსების წინსვლას აღუდგნენ – შეეცადნონ იმის შენარჩუნებას და დაცვას, არასაც ამჟამად აკონტროლებენ. ისევე როგორც 1914 წელს, ფრონტის ხაზი ახლაც დნეპრის დელტიდან დონბასის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრამდე გადის. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, სამხედრო ტექნოლოგიები თავდამსხმელებს უფრო ხელს უწყობს, ვიდრე თავდამცველებს, რომელთა მცირე მიღწევებს საშინელი ფასი აქვთ.

პირველი მსოფლიო ომი საბოლოო ჯამში მათი გამარჯვებით დასრულდა, ვისაც მეტი ცოცხალი ძალა, ანუ მეტი ჯარისკაცები ჰყავდა. ანტანტელმა მოკავშირეებმა გერმანიის შევიწროება შეძლეს მხოლოდ მაშინ, როცა 1918 წლის მარტისათვის ომში ამერიკაც ჩაერთო და ფრონტის ხაზზე უფრო მეტი ჯარისკაცები გაგზავნეს, ვიდრე „ცენტრალური ღერძის“ ქვეყნებმა [„ოთხთა კავშირმა“].

ამჯერად დემოგრაფიული უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, რომლის მოსახლეობა უკრაინისას სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ თავისი ომამდელი სამოქალაქო წარმოების მესამედი სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და უწყვეტად ამზადებს საომარ საჭურველს. რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს დრონების თვალსაზრისითაც. მოკლედ, რუსებს ახლა ვერავინ შეაჩერებს ისე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებს მავთულხლართებით და ტყვიამფრქვევებით აჩერებდა.

რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლას თავისი ნეგატიური ხასიათიც აქვს: ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ხალხი საშინელი მრავალწლიანი სიღარიბისა და შიმშილისათვის გაწირა, თუმცა ამ ეტაპზე მან თავისი საქმე გააკეთა: რუსეთი უკრაინის არმიის კონტრშეტევას გაუმკლავდა და მოწინააღმდეგე შეაჩერა, იძულებული გახადა სანგრები გაეთხარა და პოზიციურ ბრძოლაზე გადასულიყო. მოსკოვი ზამთარს უკრაინელთა გარღვევის გარეშე ხვდება.

ვაღიარებ, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ელოდებოდა, რომ უკრაინის არმია აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა და ომს მალე გამარჯვებით დაასრულებდა.

2022 წლის განმავლობაში უკრაინის სარდლობა დარწმუნდა, რომ თუ „ყირიმ-დონბასის სატრანსპორტო დერეფანს“ არ დაარღვევდა და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს არ გადაუჭრიდა, ისე ომში წარმატება მიუღწეველი იქნებოდა. დერეფნის დარღვევით და აზოვის ზღვის გაკონტროლებით (ქერჩის ხიდის დანგრევის ჩათვლით) უკრაინის არმია ყირიმის რუსული გარნიზონს ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცევდა, ელექტროენერგიას გამოურთავდა, სურსათს არ მიაწოდებდა და კრემლი იძულებული გახდებოდა მოლაპარაკების მაგიდას მისჯდომოდა. მაგრამ სიტუაცია ისე არ განვითარდა, როგორსაც ველოდი.

რატომ შევაფასე არასწორად სიტუაცია, რატომ შევცდი?
მე ვესაუბრე არა მარტო უკრაინელებს, არამედ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს და დამკვირვებლებს, რომლებიც კარგად იცნობენ საომარ მოქმედებებს. ისინი აკვირდებოდნენ უკრაინის არმიის საოცარ წარმატებას ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში 20022 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ წარმატებამ დასავლეთს გამარჯვების რწმენა გაუძლიერა და უკრაინას ისეთი შეიარაღება მისცეს, რომლებზეც ადრე თავს იკავებდნენ – ვაითუ რუსებს ჩაუვარდეთ ხელშიო.

კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინას უკვე ჰქონდა შორი მოქმედების რაკეტები, განაღმვის საშუალებები და პრინციპში, თანამედროვე ამერიკული, გერმანული, ფრანგული და ბრიტანული მძიმე ჯავშანტექნიკა. იმავდროულად „ვაგნერელთა“ ამბოხმა დაადასტურა, რომ რუსეთის სიმტკიცე ფრონტის ხაზის მიღმა მაინცდამაინც ძლიერი არ არის.

მაგრამ დამპყრობლებმა წინა შეცდომებიდან დასკვნები გააკეთეს. იმ დროს, როცა გასულ გაზაფხულს უკრაინა თავის ჯარისკაცებს ახალი იარაღის გამოყენებას ასწავლიდა, რუსი ჯარისკაცები კილომეტრებით ნაღმავდა ველ-მინდვრებს და გზებს, აგებდა გამაგრებულ ზღუდეებს, თხრიდა სანგრებს და ტრანშეებს, აგროვებდა დრონებს და გამალებით ამზადებდა რაკეტებს და ჭურვებს.

ვლადიმერ პუტინს ახლა მხოლოდ 12 თვით გაძლება ჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ (იგი თავის აღტაცებას ვერ მალავს რუსი ტირანის მიმართ – ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ პუტინს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე თავის სპეცსამსახურებს), კონგრესმენი რესპუბლიკელები, მაინც ომის შეწყვეტას მოითხოვენ, ფულს არ გამოყოფენ და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედებენ. უფრო მეტიც – ახლახან, ფაქტობრივად, კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დახმარების დაფინანსება დაბლოკა.

ალბათ, ბევრმა შეამჩნია ვლადიმერ პუტინის ზამბარისებური მოქმედების ეფექტი. დიდი ხნის განმავლობაში იგი საკმაოდ იყო დაშინებული და რუსული პოსტსაბჭოთა გავლენის სივრცის მიღმა ფეხს ვერ დგამდა.
გარდა იმისა, რომ მის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოწერილი დაპატიმრების ორდერი არსებობდა, კრემლის ბინადარს, ალბათ, სხვა ბევრი მტერიც ჰყავდა და შიშობდა, მასზე თავდასხმა არ მოეწყოთ. ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უცხოური ვიზიტების მისამართი იყო ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და მეგობრული დიქტატურის ორი ქვეყანა – ირანი და ჩინეთი.
მაგრამ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა უფრო შორეული ვიზიტების განახორციელა – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში.

ვიდეოკადრებში აშკარად ჩანდა, რომ ეს პირადად დესპოტი ვლადიმერ პუტინი იყო და არა მისი ორეული. რატომ გაგულადდა რუსეთის ლიდერი და ისეთ ქვეყნებში გაემგზავრა, რომლებიც დასავლეთთან არიან დაკავშირებულნი უსაფრთხოების საკითხებში? რამდენად შესაძლებელია, რომ საემიროებსა და საუდიტებს დასავლეთმა სთხოვა, რომ ვლადიმერ პუტინს წინასწარ დალაპარაკებოდნენ სამშვიდობო შეხვედრის პრელიუდიის სახით?

თუ ეს მართლაც ასეა, დიდი რისკია იმისა, რომ ჩვენ სუეცის არხის 1956 წლის მსგავსი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ყოველი გარიგება, რომელმაც შეიძლება რუსეთის აგრესია წაახალისოს, იქნება სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ ნატომ, მთელი თავისი რესურსებით და შეიარაღებით, ვერ მიაღწია მინიმალურ მიზანს – იმ ქვეყნის გადარჩენას, რომლის დაცვა ალიანსის ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა – აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ივალდებულეს.

ერთი მხრივ, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში დემოკრატია მოიკოჭლებს. მართალია, უკრაინა უფრო ლიბერალია, ვიდრე რუსეთი, მაგრამ მაინც ბევრი დემოკრატიული უფლება ირღვევა – არა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამო. აკრძალულია ზოგიერთი პარტია – დიახ, ისინი რუსოფილურები არიან, მაგრამ არის შიში იმისა, რომ აკრძალვები დასავლურ ოპოზიციურ პარტიებსაც დაემუქრებათ. მაგალითად, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას. თვითონ პარტიის ლიდერს ამას წინათ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტის ნება არ დართო. მართალია, პეტრო პოროშენკომ, პატრიოტული მოსაზრებით, უარი განაცხადა ამ ინციდენტის გამო საერთაშორისო სკანდალის ატეხვაზე, მაგრამ ამ ფაქტმა მე პირადად ძალიან დამაფიქრა.

მეორე მხრივ, გავიხსენოთ, რომ 1939 წელს, პოლონეთს ავტორიტარული მთავრობა მართავდა, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია გერმანიის თავდასხმისათვის. ჩვენ, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთის დაცვაზე ვალდებულება გვქონდა აღებული და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას ვაძლევდით – ისევე როგორც უკრაინას მივეცით 1994 წელს, როცა კიევმა თავის ბირთვულ არსენალზე უარი თქვა.

მართალია, ამჯერად ჩვენ ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მაინც იმდენად ვართ ჩარეული უკრაინის საქმეში, რომ რუსეთის გამარჯვება (ანუ კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების საერთაშორისო დადასტურება), დასავლეთისთვის პრესტიჟის კატასტროფული დაკარგვა იქნება, პლუს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასავლურ ფასეულობებს – პირად თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

კონფლიქტები მსოფლიოში სულ უფრო მოიმატებს იმის კვალობაზე, როცა დიქტატორული რეჟიმები დარწმუნდებიან – „ქუჩაში წესრიგის დამცველი პოლიციელები აღარ დგანან“. ვენესუელას დიქტატორი პრეზიდენტის პრეტენზიები მეზობელი გაიანის მიმართ მადესტაბილიზებელი პროცესების მხოლოდ დასაწყისია.

„დასავლეთმა მშვიდობა მოიპოვა არა იმდენად თავისი იდეების, ფასეულობებისა და რელიგიის უპირატესობით, არამედ ორგანიზებული ძალადობის გამოყენების უპირატესობით“, – წერდა სემუელ ჰანტინგტონი, – „დასავლელები ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტს, არადასავლელებს კი ყოველთვის ახსოვთ“.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უკრაინის მარცხს. უკრაინამ რუსეთი ფაქტობრივად განდევნა შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილიდან და მისი პორტები საერთაშორისო ზღვაოსნობისა და ვაჭრობისათვის გახსნილები არიან. ამასთან ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმ ტენდენციისაგან, რასაც ჯორჯ ორუელი მეორე მსოფლიო ომის დროს ამჩნევდა – როცა ინტელექტუალები გადაჭარბებით აფასებდნენ ყოველ მიღწევას, ჩვეულებრივი ადამიანები კი მათ არ ეთანხმებოდნენ.

გავიხსენოთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროს ინტელექტუალებში გადაჭარბებული პესიმიზმი იგრძნობოდა („უკრაინას რუსეთი რამდენიმე დღეში დაიპყრობს!“), ხოლო ხერსონის დაბრუნების შემდეგ ასევე გადაჭარბებული ეიფორია („უკრაინა მალე გაათავისუფლებს ყირიმს და დონბასს!“). ამიტომაც დღეს ჩვენ ძალიან დიდ და შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ ამ წარუმატებელი შეტევის შემდეგ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც ღიად არ აქეზებს აგრესორს შემდგომი ექსპანსიისაკენ. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების შედეგად, უკრაინის აღმოსავლეთმა ნაწილმა [ვთქვათ, დონბასმა] ავტონომია მიიღოს სუვერენული უკრაინის შემადგენლობაში.

შესაძლოა მოხდეს ყირიმის დემილიტარიზება და რეფერენდუმი ჩატარდეს საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლით…

მაგრამ თუ საბოლოო ჯამში უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივ ანექსიას მოახდენს, წააგებს არამარტო დასავლეთი, არამედ მთლიანად ბოლო მოეღება საერთაშორისო წესრიგს, 1945 წლიდან არსებულს. მსოფლიოში სიცივე მატულობს, წინ გრძელი ღამეები გველოდება…

წყარო: