თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი ფეხბურთელია და მას კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს.
მისივე თქმით, კვარაცხელია გამორჩეულია შრომისმოყვარეობით, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამასთან, კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებები უსურვა.
„კვარას რაც შეეხება, არის უძლიერესი, უნიჭიერესი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა მგონია, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. ის ჯერ ასაკითაც პატარაა. ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარეა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვახსოვს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს იმ წარმატების მიღწევა, რომელიც უნდა მიეღწიათ და რომელიც უნდა გაეკეთებინათ, რადგან შრომისუნარიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ყველაფერში, რაც კვარას აქვს. ამითაც დაჯილდოებულია ის. მინდა, გულწრფელად წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს თავისი წარმატებული თამაშებით, გამარჯვებებით და გოლებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელიამ სამ შეხვედრაში ერთი გოლი, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ორი პენალტი მოიპოვა.