ხვალიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
 
 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
 
 
უწყების ცნობით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
 
 
მათივე ინფორმაციით, 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.