ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ამით, ფაქტობრივად, აღიარებს ამ პარლამენტს, არის მომენტები, როცა წაგება უნდა აღიარო და თეთრი დროშა აწიო -ალექსანდრე რაქვიაშვილი

ხალხი ქუჩაში არ გამოდის და ამით, ფაქტობრივად, აღიარებს ამ პარლამენტს. არის მომენტები, როცა უნდა აღიარო, რომ წააგე, არის მომენტები, როცა თეთრი დროშა უნდა აწიო და გრძელვადიან თამაშზე გადაერთო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ძალაუფლების მოსაპოვებლად საჭირო მასშტაბური პროტექსტი არ შედგა.

„ეს ხალხი, რომელიც ახლა ამბობს, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, თუ ამას მართლა ამბობს, სრული ამ გაგებით, მაშინ გადასახადები არ უნდა გადაიხადონ, კანონს არ უნდა დაემორჩილონ. დაუმორჩილებლობა ამას ნიშნავს. კარავი გავშალე ვარაზისხევზე, ეს არ არის დაუმორჩილებლობა. ამიტომ თუ სერიოზულად ვამბობთ დაუმორჩილებლობვას და არალეგიტიმურობას, მაშინ ეს არის შემდეგი ნაბიჯი, მაგრამ ეს უბრალოდ სასაცილო გამოვა თუ 500 კაცი ხარ. ასე მეც შემიძლია გამოვაცხადო დაუმორჩილებლობა, თავისუფლების მოედანზე დავდგა კარავი და ვთქვა, რომ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ, ოქეი, მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს. თან სიტუაციაში, როცა ოპოზიციური ეგზიტპოლებიც კი გეუბნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრინციპში ეს არჩევნები მოიგო, ანუ შენ რაღაც გაგებით უმცირესობაში ხარ, მაშინ რაღაც ფორსმაჟორული სიტუაცია უნდა შეიქმნას, უზარმაზარი მობილიზაცია ხალხის, ხოდა ეს მობილიზაცია არ მოხდა საერთოდ, ტელევიზიაში უბრალოდ კლოუნადაა. რაც იყო, ისიც კი მოკლეს. 10 000 კაცი ხომ შეიკრიბა, როცა იყო შედარებით დიდი მიტინგი, იმას ხომ დედა უტირეს ბოლომდე, ახლა დაილექა ამ რაღაც გაუგებრობამდე, რაც ახლა ხდება მელიქიშვილის გამზირზე, რა პროტესტიც იყო, თავიდან ბოლომდე ის მოკვდა. მასშტაბური, არნახული პროტესტი, რომელიც სჭირდება, რომ ძალაუფლება მოიპოვო, არ შედგა და ტელევიზიაში უბრალოდ კლოუნადაა მოწყობილი, ხმის აწევასაც აზრი არ აქვს, რომ აუწევ, უბრალოდ რამე ჩამოყალიბებული აზრი არ მოდის. ტექნიკური დარღვევა, რომელიც ცალსახაა და წყალი არ გაუვა, ფაქტია, მაგრამ ეს რომ გარდაიქმნას ახალ არჩევნებში, შენ რაღაც უნდა გაგეკეთებინა. იმ ხალხს უნდა გაეკთებინა პირველ რიგში, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ხალხი ქუჩაში არ გამოდის და ამით, ფაქტობრივად, აღიარებს ამ პარლამენტს. რავი, არის მომენტები, როცა უნდა აღიარო, რომ წააგე, არის მომენტები, როცა თეთრი დროშა უნდა აწიო და გრძელვადიან თამაშზე გადაერთო. მგონი, ეს მომენტია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ამავდროულად, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

„გვარამია და ხაზარაძე დემონსტრაციულად პანღურით გასაგდებები არიან. ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რომ ცირკი მოაწყვეს თავიანთი ტელევიზიებით. მე მესმის ქართველი ხალხი ახლა არ მომისმენს. ვიღაც ცხვრებივით მიჰყვება გვარამიას, ვიღაც ნაწილი კიდევ ვიღაცას, ვიღაც ბედნიერია „ქოცებით“, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი, შემთხვევით აღმოვჩენილიყავი იმ მიტინგზე, ასეთ რამეს გავაკეთებდი, ხაზარაძეს, გვარამიას პანღურით გავაგდებდი, მთელ ამ მედია მენეჯერებსაც პანღურით გავაგდებდი, გრიგოლიას და სანაიას თაოსნობით ყველას გავყრიდი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, მათ შორის, არჩევნებზე მილიონები რომ დავხარჯე, ათასობით დამკვირვებელი მყავდა და სადაც ამ დამკვირვებლის საჭიროება იყო, იქ არ დავსვი ეს ხალხი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, რომ კლოუნადა მოეწყო ტელევიზიაში. ბოდიშს მოვუხდიდი, რომ უიდეოდ გავედი არჩევნებზე, ვაღიარებდი მარცხს და ვეტყოდი, რომ ხალხნო, თუ მაპატიებთ ოდესმე, ვეცდები, რომ 2028-ში მოვიგო. ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი. სწორი გამოსავალი ეს არის, მაგრამ ვინაიდან იმ სიაში მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.