კამალა ჰარისი და ვოლოდიმირ ზელენსკი – უსიამოვნო და არასახარბიელო ალიანსი – რას წერს Time-ი

აშშ-ის ცნობილ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კამალა ჰარისი და ვოლოდიმირ ზელენსკი – უსიამოვნო და არასახარბიელო ალიანსი“ (ავტორი – საიმონ შუსტერი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტის რთული ურთიერთობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან (რომელიც, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში). აქვე შევნიშნავთ, რომ ჟურნალისტი საიმონ შუსტერი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, კამალა ჰარისს ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისეთი თბილი ურთიერთობები არ აქვს, როგორიც უკრაინის ლიდერს ამერიკელ კოლეგასთან – ჯო ბაიდენთან აქვს. გარდა ამისა, ბოლო წლებში კამალა ჰარისსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რამდენიმე არასასიამოვნო ეპიზოდი მოხდა. კერძოდ, საიმონ შუსტერი სტატიაში აღნიშნავს მიუნჰენის საერთაშორისო  უსაფრთხოების კონფერენციაზე მომხდარ ფაქტს, 2022 წელს, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის წინ.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას კამალა ჰარისი მოითხოვდა, რომ უკრაინის ლიდერმა საჯაროდ უნდა აღიაროს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გარდაუვალობა. როგორც ის ჩონოვნიკები ამბობენ, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოთხოვნის პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ასეა, მაშინ ვაშინგტონმა, თავის მხრივ, მოსკოვის მიმართ პრევენტიული ზომები უნდა მიიღოს, რათა კრემლმა უარი თქვას აგრესიაზეო. უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის არმიის თავდასხმა გარდუვალია, მაშინ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ  ყველანაირი სახის თანამედროვე იარაღი რუსეთის არმიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად

კამალა ჰარისმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკი ორივე წინადადება და განაცხადა, რომ საქნციებს ამერიკა წინასწარ ვერ დააწესებს, რადგან, იურისპრუდენციის თანახმად, ვინმეს დასჯა დანაშაულის ჩადენამდე შეუძლებელია.

რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, როგორც საიმონ შუსტერი წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ თუ კიევს თანამედროვე საბრძოლო სისტემებს მისცემდა, ამით ვლადიმერ პუტინს რწმენას განუმტკიცებდა, რომ უკრაინა ნატოს მარიონეტი ხდებაო.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ ცვეულებრივად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონტაქტები ჯო ბაიდენს უფრო ჰქონდა, ვიდრე კამალა ჰარისს. მით უმეტეს, რომ ჯო ბაიდენი ადრეც იყო ნამყოფი კიევში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინას არცერთხელ არ სწვევია – მაშინ როცა, თეთრი სახლისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ისეთი საკვანძო წარმომადგენლები, როგორებიც არიან მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში ხშირად დადიოდნენ.

მართალია, კამალა ჰარისმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში უკრაინის მიერ ორგანიზებულ გლობალურ სამშვიდობო სამიტში, მაგრამ ძალიან მცირე ხნით და ფორუმის დასრულებას არ დალოდებია, ისე დაბრუნდა აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო სამიტზე კამალა ჰარისის შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ისეთივე უბრალო და ფორმალური ხასიათი ჰქონდა, როგორც ადრე: ორივე ერთმანეთის პირისპირ იჯდა ჟურნალისტებისს თანდასწრებით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძლივ-ძლივობით ჩაიკითხა მომზადებული ფურცლები და მადლიერება გამოხატა პრეზიდენტისა და კონგრესის მიმართ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ მეექვსედ ხვდებოდა უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან ომის დაწყებიდან. „და არა უკანასკნელად“, – სიტყვა ჩამოართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „იმედი მაქვს, შემდეგი უფრო კარგ დროს გაიმართება“, – უპასუხა ვიცე-პრეზიდენტმა. ეს იყო და ეს.

თეთრი სახლის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ კამალა ჰარისიც ისეთივე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც ჯო ბაიდენი.

წყარო