უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის მერიის სერვის ცენტრებში A კატეგორიის ტაქსებისთვის საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერებისა და საბანკო გადახდებისთვის განკუთვნილი QR კოდების გაცემა დაიწყო.
მაიდენტიფიცირებელ სტიკერს მხოლოდ ის თეთრი ტაქსები მიიღებენ, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, ხოლო QR კოდის მიღება ამავე კატეგორიის ტაქსის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.
სტიკერები და QR კოდები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა და მედიას აღნიშნული სიახლის მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა.
„22 მაისიდან დავიწყეთ 10 წლამდე ასაკის ტაქსებისთვის ახალი სტიკერების გაცემა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საავტობუსო ზოლში იარონ პირველი ივნისიდან, შესაბამისად, ეს სტიკერი იქნება მანიშნობელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით. ეს სტიკერი იქნება საქარე მინის მარჯვენა, ზედა მხარეს დაკრული. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ წავახალისოთ ტაქსის მძღოლები, რათა განაახლონ თავიანთი ავტომობილები. გარდა ამისა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ გადაეცეთ QR კოდები. ეს ნებაყოფლობითია. QR კოდები მიბმული იქნება ნებისმიერ ანგარიშზე, შეიძლება ეს იყოს საკუთარი, მეუღლის, შვილის და ა.შ. ძალიან მარტივად ხდება გადახდა და მაშინვე აღირიცხება ეს თანხა. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა არაუმეტეს 10 წლის ასაკის ტაქსის მძღოლებს, მივიდნენ მუნიციპალურ სერვის ცენტრებში და აიღონ შესაბამისი სტიკერი.