იყო პროვოკაციები, თუნდაც გუშინ, როგორც კი დაიწყო პარლამენტის სხდომა, ახალგაზრდებს მოუწოდეს და მივიდნენ რკინის ღობესთან, აბრახუნებდნენ, ისროდნენ ე.წ. ხლაპუშკებს -ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პროვოკაციები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან გამართული გუშინდელი აქციისას.

გომელაურის ინფორმაციით, ხდებოდა სხვადასხვა საგნის სროლა, რათა პოლიციელები გამოეწვიათ. ვახტანგ გომელაურის თქმით, მოხდება პირების იდენტიფიცირება და დაისჯება ყველა, ვინც გარკვეულ ქმედებებში მონაწილეობდა.

ამავდროულად, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა როცა მცირეა და ბუნებრივად არ მოითხოვს გზის გადაკეტვას, ასეთ შემთხვევაში გზის დაკეტვის უფლება არავის მიეცემა.

„რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელ დღეს. სიწყნარე იყო, არავინ არაფერს აკეთებდა, უბრალოდ იდგა 200 თუ 300 ადამიანი და როგორც კი დაიწყო სხდომა, ახალგაზრდებს მოუწოდეს და მივიდნენ რკინის ღობესთან, აბრახუნებდნენ, ისროდნენ პატარა ასაფეთქებლებს, ე.წ. ხლაპუშკებს, აფეთქებდნენ ეზოში. ეს არ შეიძლება. მოხდება იდენტიფიცირება და ვინც იყვნენ, აუცილებლად დაისჯებიან, სასამართლო გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება. რა თქმა უნდა, იყო პროვოკაციები პოლიციასთან, ქვების სროლა, ბოთლების სროლა, რომ გამოეწვიათ. ასევე ბრალდებები, თითქოს პოლიცია იყო უნივერსიტეტში დაბანაკებული, სრული სიცრუე და ტყუილია, არანაირი სპეცდანიშნულების რაზმი არ ყოფილა არც ეზოში. ცეცხლი რომ წაუკიდეს, გამოვიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომ ენახათ, სად იყო ცეცხლი, სადმე არ გადასულიყო. ბევრი რაღაც იყო, რომელსაც მერე ფუთავდნენ, თითქოს პოლიცია მივიდა, აქეთ დაუშალა. პირიქით, პირველ დღეს ვაცადეთ, თქვეს, მეორე დღეს დავიშლებითო, შემდეგ დარჩა 100-120 კაცი და ელემენტარულად არ აქვთ ამხელა ქუჩის გადაკეტვის უფლება. სკვერი არის გვერდზე, გადაბრძანდნენ. თუ ვერ ეტევიან, კი ბატონო, ჩვენ ვუკეტავთ ხოლმე რუსთაველს, პარლამენტის წინაც ვუკეტავთ ხოლმე, როცა ბევრი ხალხია, მაგრამ როცა 20 კაცი დგას და გზას კეტავს, ეს ისჯება ჩვეულებრივად და ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.