“ვეროპტიმისტების” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. რაც მისი თქმით, იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. გუშინ, ღამე, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამაგიეროდ, უშვებდნენ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს, ასეთი უკანონობა და არასამართლიანობა ხდება. მესმის, რომ წვიმაა, სიცივეა, მთელი ღამე გარეთ ვიდექით, იდგნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ისტორიული დრო არის ყველას, ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა ჩვენი გამარჯვებით უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.