საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა მოსაფრთხილებელია, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ფინანსური, მედია რესურსების და იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს, დააზიანონ საქართველო, უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარზე ინფორმაციის გასაჯაროება და განცხადებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს, თავდაცვისთვის იყო საჭირო.
“ისტორიას ახსოვს დიპლომატიურ ურთიერთობებში, როცა გარკვეული სკანდალური საკითხი არც მთლად ბოლომდეა ხოლმე გარეთ გამოტანილი, მაგრამ არ ახსოვს ისტორიას ასეთი კანონდარღვევა, რომელიც ამ პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს ამ თაღლითურმა მოქმედებამ, რაც ამ ექიმმა ჩაიდინა. რაც მთავარია, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, პოლონურ მხარეს, ალბათ, კარგად ესმის და ხედავს, რა პროცესებიც ვითარდება, თუნდაც ბოლო დღეებში, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა განახორციელა, რომ დაუწესდეს ქვეყანას სანქციები სააკაშვილის გამო. როცა ასეთი არაორდინალური სიტუაცია, სკანდალური სიტუაციის შექმნა სურთ საქართველოს გარშემო, ასეთი ბინძური მეთოდებით, სახელმწიფო თავს იცავს კონკრეტული განცხადებების კეთებით, მედიას იმ ინფორმაციის გაშუქებას ვერავინ აუკრძალავს, რაც ხელთ აქვს. ეს არის თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, რათა ოფიციალურად აღებულ ნიმუშს არავითარი საფრთხე აღარ დაემუქროს. როცა ასეთი დიდი სკანდალი გორდება ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, რომელიც საქართველოს გარშემო მისმა არაკეთილისმსურველებმა შექმნეს, ეს ძალიან მცირედია, რითაც საქართველომ თავი დაიცვა, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, რათა არანაირი საფრთხე არ დაემუქროს ოფიციალურ ნიმუშს.
ასეთ დროს, (პოლონური მხარისგან) ჯერ უნდა კეთდებოდეს განმარტებები და განცხადება, რომ არავითარი საშიშროება ოფიციალურ ნიმუშს არ ემუქრება და არანაირი თაღლითურად გატანილი, დაბინძურებული ნიმუში არ იქნება მხედველობაში მიღებული. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას შეუთანხმებლობაზე, რაც ორ მხარეს შეიძლება გააჩნდეს. რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ საფრთხე არ და ვერ უნდა არსებობდეს, საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა არის მოსაფრთხილებელი, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ამხელა ფინანსური, მედია რესურსების და ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს დააზიანონ საქართველო რეპუტაციულად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება და უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი და საჭირო”, – განაცხადა ვოლსკიმ.