“ირაკლი ბებუას დახსნასთან დაკავშირებით შედეგის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს”-ირაკლი კობახიძე

ირაკლი ბებუას დახსნასთან დაკავშირებით შედეგის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდეა ჩართული ირაკლი ბებუას დახსნის საკითხში, თუმცა, საკითხი არის ურთულესი. პრაქტიკულად ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, ეს არის ის შემთხვევა, სადაც რთულია შედეგის მიღწევა ხელისუფლებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ მოაკლებს ხელისუფლება იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით 2020 გაასამართლა. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება.