იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუამ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ქვეყანა ამ გზაზე ეტაპ-ეტაპ მიიწევს წინ.
„გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს… ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი – ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მოსმენამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.