დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, მუნიციპალიტეტი კი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე, ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არც ერთი პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ამ მიმართულებას ილია უძღვებოდა და სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საქმეები. ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს ელოდებოდნენ, ილიას იმედით შეჰყურებდნენ, აუცილებლად მიიღებენ ბინებს მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა. მისი თქმით, ამ მიმართულებას კახა გულედანი ჩაიბარებს, რომელიც ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
„სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა