გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე ვერასოდეს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.
ეგვიპტეში მიმდინარე სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეშმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოებისა და სკოლების ხელშეუხებლობაზე ისაუბრა.
„ისრაელმა უნდა დაინახოს, რომ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა იყოს დაკმაყოფილებული, პალესტინელებმა კი, უნდა დაინახონ, რომ მათი ლეგიტიმური მისწრაფება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის შესახებ რეალიზებულია“, – განაცხადა გუტერეშმა.
ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.