ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ჩვილების მკვლელობასა და მათთვის თავების მოკვეთასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ CNN -ი იუწყება.
„ჩვენ ამ ბრალდებებს უარვყოფთ და მედიას მოვუწოდებთ, რომ ჟურნალისტიკური ეთიკა დაიცვას“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ ვიდეომიმართვაში.
მან ისრაელზე თავდასხმას „თავდაცვითი ოპერაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ისრაელის სამხედრო ბაზებსა და კომპლექსებზე იყო დაგეგმილი.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბუცებში, რომლებსაც თავს „ჰამასი“ დაესხა, ქალებისა და ბავშვების დასახიჩრებული ცხედრები აღმოაჩინეს. ზოგს თავები ჰქონდა მოკვეთილი.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.