აქ გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო – ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა არჩევნებს! ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს შეადარა და როგორც აღნიშნა, ე.წ. კარვების კანონი იგივეა, რაც რუსული კანონი იყო.
„შევეცდებით აღნიშნულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორიც საზარელ რუსულ კანონს გავუწიეთ. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც 11 წელია ლაპარაკობთ, ოპოზიციას თვეობით გვედგა კარვები – ქუჩაში კარვები სამი-ოთხი თვე იდგა.
რევოლუციას ყოველთვის ცუდი ხელისუფლება აკეთებს – რევოლუციას აკეთებს კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ზუსტად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიცაა „ქართული ოცნება“. ამ ტიპის კანონებს რომ მიიღებენ, შემდეგ რევოლუციები ხდება ანუ ამისკენ მშიერ, გაუბედურებულ ხალხს მომპარავი ხელისუფლების წარმომადგენლები უბიძგებენ – რევოლუციას ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს. რევოლუციას აკეთებს ცუდი ხელისუფლების მიერ ხელნაკრავი, მშიერი ხალხი.
დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! დაველოდებით გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და თუ თქვენ ამას თვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, დაარქვით – დავინახავთ ვინ გაიმარჯვებს! საქართველო კორუფციონერების წინაშე არასდროს დაეცემა“, – მიმართა უმრავლესობას თაკო ჩარკვიანმა.