გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის – ხელისუფლების გაღიზიანების მესმის, რადგან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა აქვთ განზრახული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა და ეს ზარქუას ან ივანიშვილის გადასაწყვეტი არაა.
რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, მისი თქმით, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდეს, ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მოსყიდვა, დაშინება ხორციელდება არჩევნების დღემდე, არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სისტემას ეხება და სადაც გარკვეული კითხვებია, მაგალითად, მონაცემების ცესკოში გადაგზავნის პროცედურასთან დაკავშირებით, რა დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მანიპულაციას.
„ხელისუფლების გაღიზიანების მესმის და მათი განზრახვა კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. მათ განზრახული აქვთ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა და მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვა. ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაიქვემდებარეს. გუშინ კალანდარიშვილის განცხადებებმა პირდაპირ აჩვენა, რომ ის არის მხარე. მინდა მას ვუთხრა, არავის დავიწყებია ძველი მოწვევის საკრებულოს შენარჩუნებაც იმისთვის, რომ არალეგიტიმურად დაემტკიცებინათ მომდევნო წლის ბიუჯეტი. მან არაერთხელ გამოაჩინა საკუთარი პოზიცია, რომ ის არის „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ. თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები გაყალბდეს, ვერანაირი ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს არის მაქსიმალური მობილიზება და მეტი ადამიანის წასვლა არჩევნებზე,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.