”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ძალისხმევით,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა.
შეკრებამ,რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. ამ ნაკადის მოსამზადებელი სემინარები და წვრთნები, 9 დღეს გასტანს.
როგორც მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი, მალხაზ ქარაზანიშვილი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა აცხადებენ, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფები არა ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის ბრძოლაში გამოცდილ ვეტერანებთან ერთად, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში. გულანთებულმა ახალგაზრდებმა, საზოგადოებას არა ერთხელ აჩვენეს ქვეყნისთვის ერთიანობის, გამოწვევების ერთიანი ძალებით დაძლევის მაგალითი. თუმცა, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მათი პოტენციალის ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში, ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილ ვეტერანებთან ერთად ჩართვა არსებითად მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ „ტოტალური თავდაცვის” კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა” და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” და ა(ა)იპ – ,,საქართველოს გენერალთა კლუბის” მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ – ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის”. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მოხალისეთა მეორე ნაკადის შეკრებისთვის, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, მოსამზადებელი სამუშაოები მაისის მესამე დეკადაში განახლდება.