გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩალაძე აღნიშნავს, მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს და ერთგულ ამომრჩეველთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, რომელიც დასრულდება სააკაშვილის გათავისუფლებით.
„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს!
დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით – მიშას თავისუფლება.
ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი.
სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება!
არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია, მომავალი შევქმნათ ერთად!
ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო.
პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.
მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.
მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა.
ამიტომ, მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა, ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.
დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს!
ჩემთვის ეს არის პროექტი – თავისუფლება მიშას! მჯერა, ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – წერს ჩალაძე.