📌”1991 წლის 21 სექტემბერს, როდესაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, პუტჩისტებმა დაიწყეს მზადება მთავრობის სასახლეზე შეიარაღებული თავდასხმისთვის, ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 48 საათი იცოცხლა, შემდეგ კი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა.
📌ეს კაცი იყო გია აბესაძე, ახალგაზრდა ექიმი, წარმოშობით ზესტაფონიდან, ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი. “თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი” – წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.
📌გია აბესაძის ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო. ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: “გაუმარჯოს საქართველოს.” ხოლო სიკვდილის წინ ქალიშვილს დაუტოვა ბარათი: “შვილო, მაპატიე, როდესაც გაიზრდები გამიგებ”.
📌გია აბესაძემ ეს ნაბიჯი გადადგა საბჭოთა იმპერიის და მისი ჯალათების, მისი მსახურების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამის გაანალიზება ვერ მოხდებოდა იმ სიტუაციაში, სადაც გონი უკიდურესად დაბნელებული იყო. სწორედ იმპერიას აწყობდა ქართველთა დაპირისპირება, რაც შეიძლება ბევრი ეთნიკური ქართველის მოტყუება, მათი ჩათრევა ავანტიურაში, კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულში გადასაჩეხად.
📌პრესა იმიტომ სდუმდა, რომ 70-80 პროცენტი ამ პრესისა ფაქტობრივად მხარს უჭერდა ხელისუფლების შეცვლას პუტჩის გზით. ხოლო ტელევიზია აღარ არსებობდა – 2 სექტემბრის შემდეგ ტელევიზიის ძირითადი შენობა ოპოზიციამ სრულიად ამოკეტა და დაბლოკა, ტრანსლირება სატელევიზიო ბადის გარეშე ხდებოდა იმ ავტობუსიდან, რომელიც დააყენეს მთავრობის სასახლის ეზოში და პირდაპირ მიაერთეს ანძაზე. (ანძა პუტჩისტებმა აიღეს 1991 წლის ბოლოს და ტრანსლირებაც მათვე განაახლეს)
📌აბა, ვინ შეაფასებდა გია აბესაძის ამ ეთიკურ ნაბიჯს? მათ, ვინც ომზე და პირდაპირ შეიარაღებულ კონფრონტაციაზე მიდიოდნენ, თავიანთ საწინააღმდეგო ნაბიჯად აღიქვამდნენ მის გმირობას. დიახ, პოლარიზაცია ყოველთვის აწყობდა კრემლს.
📌ანალოგიური ნაბიჯი გადადგა პოლიტიკურმა ემიგრანტმა დათო კაპანაძემ გერმანიაში, ეროვნული მოძრაობის დაუღალავმა აქტივისტმა, ჰელსინკის კავშირის წევრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა 1991 წლის დეკემბრის ბოლომდე. ეს ტრაგედია მოხდა ჰანოვერთან, 2003 წლის სექტემბერში, სადაც დათო კაპანაძემ ბეზნოგასამართ სადგურთან თავი დაიწვა. მისი ბოლო სიტყვები იყო: შეწყდეს საქართველოს მეთოდური განადგურების სპეცოპერაცია, შეწყდეს 1992 წლის 6 იანვარს დამხობილი კანონიერი ხელისუფლების პატიოსან, უკომპრომისო წარმომადგენელთა და მომხრეთა დევნა. ნაბიჯი, რომელიც არავინ არ უნდა გაიმეოროს, თუმცა ის, როგორც გამორჩეული შემთხვევა (ქეისი) რჩება,”-წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.