თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით წარსდგა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი რამდენიმე წელია იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტი გამონაკლისი არ არის.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ფინანსდება ჯანდაცვისა და სოციალური თემატიკის მიმართულებით.
„ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი გაკეთდეს ამ ქალაქში და ვისაც დანახვა სურს ამას აუცილებლად დაინახავს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ფინანსდება ჯანდაცვისა და სოციალური თემატიკის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროექტები განსაკუთრებულად შეჭირვებულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ვეტერანებს და ა.შ. ემსახურება“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მერს, მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება განსაკუთრებულად გამორჩეულ პროგრამები მოკლედ მიმოიხილა.
„დედაქალაქის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარით ფინანსდება და გრძელდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, ასევე გრძელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. უმნიშვნელოვანესი, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის დაფინანსება იზრდება 1 514 600 ლარით და შეადგენს 7 383 000 ლარს. აღნიშნული ქვეპროგრამით 1729 ბავშვი ისარგებლებს.
ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე არცერთი ქალი მკურნალობის მიღმა არ რჩება და მათი მედიკამენტების დაფინანსებას ასევე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და განსაკუთრებით, დედაქალაქის მერიის მიერ დაფინანსებული ახალი „ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფთა და სხვა პრობლემების მქონე პირთა მომსახურების“ პროგრამა გამოყო.
გამოსვლის ბოლოს, ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის მერს და მთავრობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.