თქვენ გაქვთ ორი კვირა, ძვირფასო მეგობრებო „ქართულ ოცნებაში“, რომ დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს და ევროპას შორის ერთადერთი წინაღობა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.
„მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ერთადერთი წინაღობა, ქართველ ხალხს და ევროპას შორის, არის ოლიგარქი ივანიშვილი და „ქართული ოცნება”. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ ორი კვირა, ძვირფასო მეგობრებო „ქართულ ოცნებაში,“ რომ დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რომ დაასრულოთ მედიაზე ზეწოლა, რომ დაასრულოთ პოლიტიკური დევნა და ამ ორი კვირის განმავლობაში, 24 ივნისამდე, თქვენ მკაფიო სიგნალი და იმპულსი უნდა გააგზავნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომ გააკეთეთ, თქვენთვის მწარე, მაგრამ სწორი დასკვნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.